უკვე თითქმის სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რაფ სიმონსი Prada-ს კრეატიულ თანადირექტორად დაინიშნა. 15 იანვარს მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში იტალიური მოდის სახლის მამაკაცის ახალი კოლექციის ჩვენება იგეგმება. საზოგადოება კვლავ მიუჩია პრადას და რაფის ერთობლივი შემოქმედებითი ძალისხმევით შექმნილ ტანისამოსსა და აქსესუარებს იხილავს. აღნიშნული თარიღის დადგომამდე ორი დღით ადრე კი Vogue Business-მა დიზაინერების ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ისინი არაერთ საინტერესო თემას შეეხნენ.

ამონარიდები ინტერვიუდან

რა გახდა თანამედროვე დროში შეფასების მთავარი კრიტერიუმი

მპ: “რამდენიმე წლის წინ შენი კრეატიულობის მიხედვით გაფასებდნენ. ახლა შეფასების მთავარი კრიტერიუმი გამომუშავებული თანხის ოდენობაა… ფული მსოფლიოს მართავს. ჩემთვის ეს სიახლეს წარმოადგენს, რადგან ახლა ყველა მხოლოდ ფულზე ლაპარაკობს, ადრე კი ასე არ იყო.”
რს: “როგორც ჩანს, როცა კომპანიის ღირებულება მილიარდს სცდება, განსჯაც ეკონომიკას ეფუძნება.”

როგორ გაიზარდა კომუნიკაციის როლი მიუჩიას და რაფის სამუშაო პროცესში

მპ: “დროთა განმავლობაში ჩვენი თავებისთვის მეტი დროის დათმობა დავიწყეთ. სულ ვმუშაობთ, რადგან საქმე ყოველთვის ბევრია, ამას ინსტიქტურად ვაკეთებთ. რაღაცების განხილვას ძალიან ცოტა დროს ვუთმობდით. ახლა შეხედულებებს უფრო და უფრო ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს, სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ვმუშაობთ – რაც მშვენიერია, რადგან მისი შემოქმედება ყოველთვის მომწონდა და ვფიქრობ, რომ ჩემსაზე ისიც ასე ფიქრობს. ამიტომ ერთად მუშაობა გვიადგვილდება და ეს პროცესი სასიამოვნოა. მაგრამ მუშაობასთან ერთად დისკუსიაში უფრო ხშირად შევდივართ, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია.”

ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას

რს: “შენს ბრენდში საკუთარ ნებას ემორჩილები, მაშინაც კი, როცა არაჩვეულებრივი გუნდი გყავს. იცი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო. აქ კი გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ. თუ ბოლო სიტყვას მიუჩია ამბობს, ეს ძალიან მაბედნიერებს და მამშვიდებს. პირიქითაც ასეა. (მიუჩია თავის დაქნევით თანხმობას გამოხატავს.) ძალიან კომფორტულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის მე არ მიწევს.”

არის თუ არა კოლექციებთან დაკავშირებით პრესის დასკვნები ყოველთვის სწორი

მპ: “სახალისოა, როცა პრესა იმაზე წერს, რაც ჰგონიათ რომ [რაფმა] კოლექციაში გააკეთა ან მე გავაკეთე და, როგორც წესი, სინამდვილეში სულ სხვაგვარად არის! მე ვცდილობ, რომ მის მენტალიტეტს სიახლე შევმატო, თავის მხრივ, მას სურს ჩემსას შემატოს რაღაც ახალი — რადგან ასე ვიქცევით, ბევრი სწორად ვერ ხვდება რა გავაკეთეთ. მე მინდა, რომ შევიცვალო, მაინტერესებს ის რას ფიქრობს და ამის გაგებისკენ მივილტვი. ალბათ, ზოგჯერ, ისიც იმავეს აკეთებს ჩემთან მიმართებაში. ამიტომ, ზოგ შემთხვევაში პრესა რასაც ამბობს სიმართლეს შეესაბამება, ზოგში კი – ის, რაც მართალია…”
რს: “არის სრულიად საპირისპირო!”

Prada გაზაფხული/ზაფხული 2021 © Vogue Runway

რატომ მიიღო რაფმა თავისი ბრენდის დახურვის გადაწყვეტილება

რს: “ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო, მაგრამ ვგრძნობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. როდესაც ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა დავიწყე, დარწმუნებული არ ვიყავი მოდის დიზაინი ნამდვილად იყო თუ არა ის, რისი კეთებაც მსურდა. განათლება სამრწველო დიზაინის მიმართულებით მქონდა მიღებული. თინეიჯერობისას მოდის დიზაინერობაზე არ ვოცნებობდი. მაგრამ უეცრად, ამის კეთება დავიწყე. მოდის გარკვეულმა მხარემ მიმიზიდა და მომინდა, რომ მეც მეცადა. ცოტა გულუბრყვილო ვიყავი, მაგრამ რაღაცები გამომივიდა. შემდეგ ხუთი წელი გავიდა და გავჩერდი, რადგან საკუთარ თავს მოდის დიზაინერად ვეღარ ვხდევადი. მაშინ 26 წლის ვიყავი. ჩავთვალე, რომ საკმარისი იყო და ამ საქმეს შევეშვი. მერე კი… მომენატრა! ისევ დავიწყე ამის კეთება, ოღონდ მიდგომა შევცვალე. ამ ყველაფრიდან კი 27 წელი გავიდა.  

რთულია სიტყვებით ყველაფრის ახსნა. მაქვს განცდა, რომ საოცარი გზა გავიარე, თუმცა ასევე ვგრძნობ, რომ გაჩერების დრო იყო. მხოლოდ მოდაზე ორიენტირებული არ უნდა ვყოფილიყავი და საკუთარი თავისთვის მეტი დრო მიმეცა. ერთი და იმავე დროს ორი ბრენდისთვის მუშაობა ბევრ დროს მოითხოვს, თუმცა ეს ჩემთვის სიახლე არ იყო, წლების განმავლობაში სხვა ბრენდებშიც ვიყავი – “ჯილ სანდერში,” “დიორში,” “კელვინ კლაინში” და ახლა “პრადაში.” მინდა დრო სხვა რამეებსაც დავუთმო; ჩემს მშობლებს, გარემოს, პირად ურთიერთობას და მეგობრებს. 

ვიცი, რომ ბევრს დააინტერესა, Prada რატომ ვარჩიე Raf Simons-ს, მიზეზი კი ის არის, რასაც განვიცდიდი. ვგრძნობდი, რომ ჩემს ბრენდში საკუთარი ისტორია უკვე მოვყვევი და კარგი დრო იყო მის დასასრულებლად. შეიძლება ოთხ ან ხუთ წელიწადში ისევ გამიჩნდეს რაღაცის გაკეთების სურვილი. მაგრამ თუ ჩემი სახელის ქვეშ რამის კეთება ისევ დავიწყე, არამგონია რომ ეს კვლავ მოდის სტრუქტურსთან თავსებადობით მომინდეს. სეზონურად. არ ვიცი…”

აპირებს თუ არა მიუჩია კომპანიაში თავისი პოზიციის დატოვებას

რს: “ერთ დღეს შეიძლება მიუჩიამ წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს. და შეიძლება დადგეს დღე, როცა შემოქმედებით კონტროლს მე ავიღებ. მაგრამ ჯერ ამ ეტაპზე არ ვართ. ახლა ერთად მუშაობას ორივე ისევ აღტაცებაში მოვყავართ და იმედი მაქვს მიუჩიასთან ერთად ამ საქმის კეთებას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გავაგრძელებ.”
მპ: (იცინის) “მეც! მინდა, რომ ვიმუშაო!”
რს: “არ ვფიქრობ, რომ ერთ დილას მისგან მოვისმენ: “ხვალ წასვლას ვაპირებ – შეგიძლია ეს საქმე მარტომ გააგრძელო?” რადგან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.”
მპ: “ჩემი წლოვანება გაცნობიერებული მაქვს. მაგრამ როგორც უკვე ითქვა – ამ ეტაპზე არ ვართ. ასე რომ ამჟამად კვლავ ერთად ვაგრძელებთ ჩვენი სამყაროს შენებას.”   

Tags :