გასულ ათწლეულში, მდგრადი მოდის პოპულარიზაციის საჭიროებაზე საუბარმა მოდის უმაღლეს წრეებში შეაღწია. მსოფლიოს დაბინძურების მეორე წყაროდ ოფიციალურად დასახელდა ტანსაცმლისა და კოსმეტიკის ინდუსტრიები, რამაც მოდა აიძულა ხელახლა გადაეხედა არსებული მიდგომებისთვის. ჭარბწარმოების საკითხი და ახალი კოლექციები, რომლებიც უკვე თითქმის ყოველკვირეულად გამოდის, პრობლემის ერთ-ერთი საწყისია. გამომდინარე აქედან, გავლენიანმა გამოცემებმა, მაღაზიებმა და დიზაინერებმაც აქტიურად დაიწყეს მეორეული, ვინტაჟური, ნაცვამი ტანისამოსის პოპულარიზაცია.

ძველი კოლექციებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მომენტის ტრენდი გახდა, რომელიც მოდაში პოზიტიური ცვლილებებისთვის შეიქმნა. ამ მხრივ, 2022 წლის მეტ გალაზე მნიშვნელოვანი განაცხადი ლუი ვიტონმა გააკეთა.

ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, ნიკოლა ჟესქიერმა ყველა ვარსკვლავი გასული სეზონების კოლექციებით შემოსა. ლუი ვიტონის თითოეული კოსტიუმი, რომელიც გუშინ მეტ გალას წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ, წარსულში უკვე ეცვათ ვარსკვლავებს.

ფრანგულმა ბრენდმა სანახაობრივ გალაზე 14 ვარსკვლავი შემოსა. მათ შორის, მომენტის ყველაზე პოპულარული კორეელი მოდელი და მსახიობი – ჰოიონი.