2024 წლის 14 დეკემბერს, ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს მდებარე მონსერატის მთებში, უბედური შემთხვევა მოხდა. 71 წლის მამაკაცი 150 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. მამაკაცი ისააკ ანდიკი გახლდათ, ხელმისაწვდომი მოდის გიგანტის, “მანგოს” დამფუძნებელი და კატალონიის რეგიონის უმდიდრესი ადამიანი. ტრაგედიას ერთადერთი მოწმე ჰყავდა, ისააკის უფროსი ვაჟი – ჯონათან ანდიკი.

თავდაპირველად, პოლიცია მომხდარს ტრაგიკულ უბედურ შემთხვევად განიხილავდა, რომელიც ესპანეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს შეემთხვა, თუმცა მოგვიანებით, ანდიკის საქმე საზოგადოებისათვის მოულოდნელი ტრაექტორიით განვითარდა. გამოძიების პროცესში, გაჩნდა ეჭვები, რომ ისააკ ანდიკი მოკლეს. პირველი და ერთადერთი ეჭვმიტანილი კი, მომხდარის ერთადერთი მოწმე, ჯონათან ანდიკი იყო.

მიმდინარე კვირას, თითქმის ორწლიანი საგამოძიები მოქმედებების შემდეგ, სასამართლომ ჯონათან ანდიკის დაკავების ბრძანება გასცა. მოსამართლემ განაცხადა, რომ არსებობდა „საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ ისააკ ანდიკის სიკვდილი არ ჩაითვალოს უბედურ შემთხვევად და რომ ჯონათან ანდიკი მონაწილეა მამის მკვლელობაში“.

ჯონათან ანდიკი ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. 

რამ გააჩინა ეჭვები?

თავდაპირველ ჩვენებაში, ჯონათან ანდიკმა პოლიციას უთხრა, რომ 14 დეკემბერს, როცა  მამასთან ერთად მონსერატის მთებში სალაშქროდ იმყოფებოდა, თავად მამის წინ მიდიოდა, ისააკი კი, უკან მიჰყვებოდა, მოულოდნელად,  ქვების ჩამოშლის ხმა გაიგონა და მობრუნებულმა დაინახა, რომ ისააკი მოცურდა და გადავარდა. ჯონათანმა დასძინა, რომ გადავარდნამდე, ისააკს ხელში ტელეფონი ეჭირა და ხედს ფოტოებს უღებდა. 

ისააკ და ჯონათან ანდიკები

გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ისეთი ტიპის წაბორძიკება, როგორსაც ჯონათანი აღწერს მამის შემთხვევაში, “ნაკლებად სავარაუდოა იმ ადგილას, სადაც გადავარდნა მოხდა, რადგან მამა-შვილი შედარებით მარტივ მარშრუტს მიუყვებოდნენ.” მონსერატის მთებში მდებარე ამ მარშრუტს ხშირად იყენებენ ოჯახები და სკოლის მოსწავლეები, მიიჩნევა, რომ ეს მარტივი და უსაფრთხო გზაა. საგამოძიებო ორგანოები ასევე ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ მომხდარის ადგილზე აღმოჩენილი ფეხის კვალი, სადაც ჯონათანის თქმით მამამისი გადავარდა, “არ შეესაბამებოდა მოცურებისა და გადაჩეხვის სცენარს.” ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ სხეულის დაზიანებები მიანიშნებდა იმას, რომ  “თითქოს იგი თავად დაეშვა დაღმართზე, ფეხებით წინ“.

ამასთან ერთად, ცხედარის პოვნის და პირველადი დათვალიერების შემდეგ, ნანახი იქნა, რომ ისააკ ანდიკს მობილური ტელეფონი ჯიბეში ედო, რაც ასევე არ შეესაბამებოდა ჯონათან ანდიკის თავდაპირველ ჩვენებას, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ ისააკი გადავარდნამდე ხედს ფოტოებს უღებდა. ეჭვის გაჩენის შემდეგ, გამომძიებლებმა ჯონათანი ხელმეორედ დაკითხეს, დაკითხვა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით,  გამომძიებლებმა “აღმოაჩინეს წინააღმდეგობები ჯონათანის ჩვენებებში, რომლებიც ეხებოდა იმას, თუ კონკრეტულად სად იმყოფებოდა თავად, როცა მამამისი მთიდან გადავარდა.” პირველ ჩვენებაში, ჯონათანი ამბობდა, რომ მამის წინ მიდიოდა, მოშორებით, ხოლო მეორე ჩვენებაში – შედარებით ახლოს. მოგვიანებით გაირკვა, რომ 7, 8 და 10 დეკემბერს, ჯონათანი მონსერატის მთებში იმყოფებოდა, რამაც გამომძიებლებში ასევე გააჩინა ეჭვები. გამომძიებელმა მოსამართლეს განუცხადეს, რომ ეს ვიზიტები „ადგილის დაგეგმვასა და წინასწარ შესწავლაზე“ მიუთითებდა. 

პოლიცია აკავებს ჯონათან ანდიკს მამის მკვლელობის საქმეზე

პარალელურად, ეჭვებს აღრმავებდა ისიც, რომ გამოძიების პროცესში, ჯონათანის ტელეფონიც გაუჩინარდა. მან პოლიციას განუცხადა, რომ მოწყობილობა ეკვადორში ხანმოკლე მოგზაურობის დროს მოპარეს. გამოძიება დაინტერესდა მამა-შვილს შორის ურთიერთობით. ისააკის ტელეფონიდან ამოღებული შეტყობინებები მამა-შვილს შორის კონფლიქტურ ურთიერთობაზე მიუთითებს. 

გამოძიება დანაშაულის შესაძლო მოტივად ბიზნეს ინტერესების შეუთავსებლობას განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ანდიკების ოჯახი ჯონათანს მხარს უჭერს. დაკავებიდან მალევე, ანდიკების ოჯახმა ჯონათანის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „ჯონათანის წინააღმდეგ არ არსებობს და არც იარსებებს ლეგიტიმური მტკიცებულება.“