ერთწლიანი დაძაბულობის, სასამართლო პროცესების და სკანდალების შემდეგ, ფრანგულმა კომპანიამ სამკაულების ამერიკული გიგანტის, Tiffany & Co.– ს შეძენის პროცესი საბოლოოდ დაასრულა. პანდემიურ რეალობაში, თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ყველაზე ძვირადღირებული შეთანხმება მაინც შედგა და LVMH „ტიფანის“ მფლობელი 15.8 მილიარდ დოლარად გახდა.

LVMH – ს და Tiffany & Co. – ს შეთანხმებაზე პირველად 2019 წლის მიწურულს გახდა ცნობილი. შეთანხმების თანახმად, ფრანგული კონგლომერატი სამკაულების გიგანტ კომპანიას 16,2 მილიარდ დოლარად ყიდულობდა. კომპანიებს შორის პირველმა უთანხმოებამ თავი რამდენიმე თვეში, კორონავირუსის გლობალურ პანდემიად გამოცხადების შემდეგ, იჩინა. პანდემიამ კვალი ყველა ბიზნესს დაატყო. კრიზისი შეეხო Tiffany & Co. – საც, რომლის გაყიდვები და საბაზრო ღირებულება 2020 წელს, კორონავირუსის პირველი ტალღის პარალელურად, 16,2 მილიარდი დოლარი აღარ იყო. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის 31 ივლისს მიღებული კვარტლური მონაცემების საფუძველზე „ტიფანის“ გაყიდვები 29 პროცენტით იყო შემცირებული. შექმნილ გარემოებას მოჰყვა LVMH-ის პასიურობა და Tiffany & Co. – ს წარმომადგენლების პირველი სარჩელი. როგორც მათ განცხადებებში ვკითხულობდით, LVMH -ში დათქმული ფასის გადახდისგან თავის არიდებას და მის დაწევას ცდილობდნენ.

Bernard Arnault

ამერიკული ბრენდის ბრალდებებს LVMH – ის პასუხი დაუყონებლივ მოჰყვა, ფრანგულმა კონგლომერატმაც სასამართლოს მიმართა და „ტიფანის“ არაკეთილსინდისიერების და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო უჩივლა.

LVMH -ში, ბერნარ არნოს ხელმძღვანელობით, განაცხადეს, რომ შესყიდვის პროცესის დასრულების ვადის გახანგრძლივებაზე რეკომენდაცია საფრანგეთის მთავრობისგან მიიღეს. კომპანიის მხრიდან ასევე ითქვა, რომ Tiffany & Co. – ს თავად სურდა 24 ნოემბრის ნაცვლად დედლაინი 31 დეკემბრამდე გადაწეულიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგული კონგლომერატის განცხადებით, მათ პანდემიის პირობებში „ტიფანის“ მდგომარეობა ყურადღებით შეისწავლეს, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ LVMH-ში შემავალ სხვა ბრენდებთან შედარებით, Tiffany & Co. – ს პანდემიური კრიზისი უფრო რთული იყო.

უთანხმოებიდან გამომდინარე, 2020 წლის სექტემბერში, LVMH -ში Tiffany & Co. – ს შეძენაზე უარიც განაცხადეს, რამაც Tiffany & Co. – ს წარმომადგენლების პირველადი პოზიცია კიდევ უფრო სარწმუნო გახადა. ცხადი იყო, რომ პანდემიურ რეალობაში, მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანისთვისაც კი, 16.2 მილიარდი დოლარი საკმარისად დიდი თანხა იყო საიმისოდ, რომ პირობების შეცვლა არ ეცადა. სასამართლო პროცესების და მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ, შეთანხმების პროცესი კვლავ განახლდა.

საბოლოო გადაწყვეტილება 2021 წლის 7 იანვარს გახდა ცნობილი. LVMH-მა სამკეულების ბიზნესის ამერიკული გიგანტი მაინც შეიძინა, თუმცა როგორც ვხედავთ, 425 მილიონი დოლარით ნაკლებ ფასად. ერთწლიანი პროცესის დასრულების შემაჯამებელ განაცხადში, მოდის ყველაზე მსხვილმა კომპანიამ Tiffany & Co. – ს ხელმძღვანელთა ახალი საბჭოც წარადგინა.

Anthony Ledru , Alexandre Arnault, and Michael Burke

როგორც მოსალოდნელი იყო, LVMH-ის პრეზიდენტმა, ბერნარ არნომ , ბრენდის შეძენის შემდეგ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე ახალი ადამიანები წარადგინა, მათ შორის საკუთარი ვაჟი – ალექსანდრ არნო. 22 იანვრიდან, Tiffany & Co. – ს გენერალური დირექტორის თანამდებობას, LVMH-ის ყველაზე ცნობილი ბრენდის, Louis Vuitton -ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, Anthony Ledru დაიკავებს. სამკეულების გიგანტს თავმჯდომარედ შეუერთდება ლუი ვიტონის კიდევ ერთი გამოცდილი კადრი, Michel Burke. რაც შეეხება უმცროსს არნოს, ალექსანდრი, რომელიც 2017 წლიდან Rimowa-ს გენერალურ დირექტორად გვევლინებოდა, Tiffany & Co. – ს ვიცე-პრეზიდენტი და კომუნიკაციების დირექტორი გახდება.