
Business of Fashion-ის ცნობით, ლუდოვიკ დე სენ სერნენი Ann Demeulemeester-ში დაკავებულ კრეატიული დირექტორის თანამდებობას სულ რაღაც ერთი სეზონის შემდეგ ტოვებს. ბელგიელმა დიზაინერმა მოდის სახლისთვის თავისი სადებიუტო კოლექცია მარტში, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე წარადგინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით არც ბრენდის და არც დიზაინერის მხრიდან ამ ეტაპზე არავითარი კომენტარი გაკეთებულა, თუმცა გავლენიანი მოდური გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ლუდოვიკის Ann Demeulemeester-ში ყოფნის ხანმოკლე პერიოდში 32 წლის დიზაინერსა და ბელგიური ბრენდის მენეჯმენტს შორის განსხვავებების წარმოშობის შესახებ წერს.
ლუდოვიკი Ann Demeulemeester-ის გუნდს გასული წლის დეკემბერში შეუერთდა. როგორც ბრენდის წარმომადგნელები აღნიშნავდნენ, დიზაინერის არტისტულ შეგრძნებას – მის ხელწერად ქცეულ სენსუალურობას, გენდერულ ნეიტრალურობას და გამოკვეთილ სილუეტებს Ann Demeulemeester-ის ახალი კურსი უნდა განესაზღვრა.

Ann Demeulemeester შემოდგომა/ზამთარი 2023 © Gorunway.com / Vogue Runway
ამ სიახლეს წინ უძღოდა ბოლო პერიოდში სხვადასხვა მოდის სახლებიდან დიზაინერების მოკლე დროში წასვლის შესახებ გავრცელებული ცნობებიც – ორი წლის შემდეგ Trussardi-დან წავიდნენ GmbH-ის სერჰათ იშიკი და ბენჟამინ ჰუსები, ასეთივე ხალმოკლე პერიოდში გაიყო გზები Rochas-სა და შარლ დე ვილმორენს შორის, ბოლოს კი, რამდენიმე დღის წინ რუიჯი ვილასენორის შესახებ შევიტყვეთ, რომ Bally-ს მხოლოდ ორი კოლექციის წარდგენის შემდეგ ტოვებდა.