WWD-ს გავრცელებული ინფორმაციით, სერჰათ იშიკმა და ბენჟამინ ჰუსებიმ Trussardi სულ რაღაც ორი წლის შემდეგ დატოვეს. დიზაინერები მოდის სახლის კრეატიულ დირექტორებად 2021 წლის მაისში დაინიშნენ. მხარეები გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

თვის დასაწყისში მილანში დაფუძნებულ კომპანიაში დაწყებული ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი. მოხდა დირექტორთა საბჭოს ხელახალი დაკომპლექტება, თანამდებობა დატოვა მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სებასტიან ზულმაც. რესტრუქტურიზაციის მიზეზად კი კომპანიის პოტენციური გაყიდვა სახელდება. Trussardi-ის 60%-იან წილს 2019 წლიდან QuattroR ფლობს.

Trussardi შემოდგომა/ზამთარი 2023

სერჰათი და ბენჟამინი Trussardi-ში პასუხისმგებელები იყვნენ როგორც დიზაინზე, ისე იმიჯსა და ბრენდინგზე. იტალიურ ბრენდში დიზაინერების მისვლის შემდეგ იწერებოდა, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა Trussardi-ის რენესანსის დასაწყისი ყოფილიყო. მათი სადებიუტო კოლექციის ჩვენება 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე გაიმართა. დიზაინერებმა საკუთარი ბრენდი 2016 წელს დააარსეს. როგორც ცნობილია, GmbH-ის შექმნის იდეა ბერლინის კლუბის საცეკვაო მოედანზე დაებადათ. სერჰათის და ბენჟამინის ყურადღება და შემოქმედბითი ძალისხმევა ახლა უკვე მთლიანად GmbH-ისკენ იქნება მიმართული.