მოდის პრესის გავლენიანი გამოცემა WWD ახალ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია ფრანგული კონგლომერატის, Kering-ის მოახლოებულ ფინანსურ ანგარიშზე. სტატიის ავტორი, მაილს სოჩა ბრიტანული საინვესტიციო ბანკის, HSBC-ის უახლეს რეპორტს ეყრდნობა, რომელიც ხუთშაბათს გასაჯაროვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბალენსიაგას და გუჩის მფლობელი კომპანიის, Kering-ის 2022 წლის ბოლო კვარტალური გაყიდვები “შესაძლოა იყოს იმდენად ცუდი, რამდენადაც ეს შესაძლებელია.”

გუჩის და ბალენსიაგას კრიზისის ფონზე, საშობაო სეზონი, რომელიც ლუქს ბიზნესში და არა მხოლოდ, წლის ყველაზე შემოსავლიანი დროა, Kering-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პერიოდი გამოდგა. Gucci-ში შემოქმედებითი დირექტორის ცვლილებით გამოწვეულმა არასტაბილურობამ, კონგლომერატის ყველაზე მაღალბიუჯეტური ბრენდი გამოწვევების წინაშე დააყენა, ბალენსიაგას სკანდალურმა სარეკლამო კამპანიამ კი, ფრანგული კომპანიის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. Gucci კონგლომერატის მთლიანი შემოსავლის 55%-ზეა პასუხისმგებელი, ბალენსიაგა კი – 10%-ზე. გამომდინარე აქედან, ეს ორი ბრენდი Kering-ის ფინანსური სტაბილურობისა და განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა.

მიუხედავად კრიზისისა, სტატიაში ვკითხულობთ, რომ დიდი ალბათობით, ამ ორმა ბრენდმა და კონგლომერატმაც “უარესი უკან უკვე მოიტოვა.” ვარაუდობენ, რომ გუჩის ბიზნესი ზრდას 2023 წლიდან დაუბრუნდება. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ იტალიური ბრენდი ახალი კრეატიული დირექტორის დასახელებას არ ჩქარობს. გუჩი მამაკაცის მომდევნო ჩვენებას შემოქმედებითი ხელმძღვანელის გარეშე გამართავს.