მამაკაცის სამოსის 2015 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის მოდის კვირეულზე, ყველასთვის უცნობმა დიზაინერმა, ალესანდრო მიკელემ Gucci-ის ბრენდის ქვეშ პირველი კოლექცია წარადგინა. ამ ერთი ჩვენებით მიკელემ მოდის სახლის ნორმები სრულიად შეცვალა და ინდუსტრია ახალი რეალობის წინაშე დააყენა.

ეს იყო თანამედროვე მოდაში უპრეცედენტო წარმატება, რომელზეც ყველა ლაპარაკობდა. გუჩის გაყიდვები თითქმის გასამმაგდა და 10 მილიარდ ევროს მიაღწია. ყველა ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც გლობალური ბრენდების ზრდას იკვლევს და აჯამებს, აჩვენებდა, რომ მიკელეს Gucci მოდაში გასული ათწლეულის ყველაზე წარმატებული მოვლენა იყო. გამომდინარე აქედან, ალესანდრო ინდუსტრიის ვარსკვლავი გახდა. მან გაიმარჯვა მოდის ყველა პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, მათ შორის CFDA Awards-ზე და British Fashion Awards-ზე. ის ჩნდებოდა კინო და მუსიკალურ დაჯილდოებებზეც, ისეთი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც არიან: ჯარედ ლეტო, დაკოტა ჯონსონი, ჰარი სტაილსი, ბილი აილიში და ა.შ. ერთი შეხედვით, ყველა წინაპირობა არსებობდა იმისათვის, რომ გვეფიქრა, ალესანდროს და გუჩის ისტორია მინიმუმ ერთ ათწლეულს მაინც გასტანდა. თუმცა 24 ნოემბერს გავრცელდა სიახლე, რომ იტალიელი დიზაინერი ბრენდს ტოვებს. გასული ათწლეულის ყველაზე წარმატებული მოდური მოვლენა მხოლოდ 7 წელში დასრულდა. ეს რა თქმა უნდა არის სიახლე, რომელსაც პანდემიამდელ მოდის ინდუსტრიაში ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა პანდემიის შემდეგ, როგორც ყველა სხვა სფეროში, მოდაშიც ბევრი რამ შეიცვალა.

კორონავირუსის პანდემიის კრიზისმა Gucci-ში შესამჩნევი პრობლემები გამოიწვია. ცნობილი გახდა, ბრენდის გაყიდვები 9.6 მილიარდი ევროდან 7.4 მილიარდ ევროზე ჩამოვიდა. უნდა ითქვას, რომ 2020 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა სხვა მოდის სახლებზეც იქონია გავლენა, თუმცა გუჩის ვარდნა ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ციფრები, რომლებსაც კონკურენტი მოდის სახლები აჩვენებდნენ.

ლუი ვიტონმა და ერმესმა საკმაოდ მალე დაძლიეს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები. ასე მაგალითად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, ლუი ვიტონში 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ Gucci -ს მშობელი კომპანიის, ქერინგის სხვა ბრენდები, სენ ლორანი და ბალენსიაგა წარმატებით განაგრძობდნენ ზრდას პანდემიის პირობებშიც, კონგლომერატისთვის გუჩი მთავარი საზრუნავი იყო, გამომდინარე იქიდან, ის პასუხისმგებელია ქერინგის გაყიდვების დაახლოებით ორ მესამედზე.

GUCCI

გუჩის მენეჯმენტი ღიად საუბრობდა იმაზე, რომ უკუსვლას თავს ვერ აარიდებდნენ, რადგან ეს უპრეცედენტო ზრდის შემდეგ, ბუნებრივი მოვლენა იყო, თუმცა სეზონიდან სეზონზე, ქერინგის აღმასრულებელი დირექტორების საუბრის ტონში, შეშფოთება და პანიკა შეინიშნებოდა. 2021 წლისთვის ბრენდმა შეძლო და კვლავ დაუბრუნდა ზრდის მაჩვენებელს, პანდემიით გამოწვეული კრიზისი გადაილახა, თუმცა როგორც ფინანსური ანგარიშებიდან ხდებოდა ცნობილი, ჩინეთის ბაზარი გუჩისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენდა. კვლევები აჩვენებდა, რომ ახალგაზრდა ჩინელები, რომლებიც 2015-2019 წლებში, გუჩის მომხმარებლების მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენდნენ, სხვა ბრენდებზე გადაერთვნენ. შედეგად კი, ქერინგის ამბიცია, გამხდარიყო გუჩი 15 მილიარდიანი მოდის სახლი, უფრო და უფრო არარეალურად მოსჩანდა.

ფრანსუა პინო და ალესანდრო მიკელე

როგორც მოდის პრესის გავლენიანი გამოცემა WWD სანდო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, Kering-ის მენეჯმენტმა მიკელეს დიზაინის ცვლილების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა Gucci-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ამ წინადადებას თანხმობით არ შეხვდა. კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, Kering-ის მფლობელს და აღმასრულებელ დირექტორს, ფრანსუა პინოს ბრენდის კონცეფციის განახლება და ცვლილებები მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

Tags :