ბრიტანული ბრენდის, Alexander McQueen-ის შემოქმედებით დირექტორად შონ მაკგაირის წარდგენამ ინტერნეტსა და მედიაში წინააღმდეგობრივი რეაქციები გამოიწვია. მოდის მიმდევრებსა და ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ, რომ ახლა, როდესაც სარა ბარტონი შონ მაკგაირმა შეცვალა, Kering-ის ყველა ცნობილი ბრენდის შემოქმედებითი დირექტორი თეთრკანიანი ევროპელი მამაკაცია.
„საბოლოოდ, მაინც დიზაინერები არიან ბრენდის, ან მისი მფლობელი კომპანიის, ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები. რაც არ უნდა მოხდეს ფარდის მიღმა – როგორიც არ უნდა იყოს გუნდების ან კომპანიის საბჭოს შემადგენლობა; როგორიც არ უნდა იყოს მრავალფეროვნების შესახებ ინიციატივები შიგნით – დიზაინერთა სახეები არის ის, რასაც საზოგადოება ხედავს. მესიჯი, რომელსაც ეს სურათები გზავნის არის ჰომოგონური, მაშინ, როდესაც მოსახლეობა, რომელსაც ისინი უნდა ემსახურონ, იმაზე უფრო ფართო და მრავალფეროვანია, ვიდრე ოდესმე.“ – ნათქვამია „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ახალ სტატიაში.
Kering-ის ამჟამინდელი შემოქმედებითი დირექტორები: Matthieu Blazy, Sabato De Sarno, Norbert Stumpfl, Demna, Anthony Vaccarello და Sean McGirr.

Kering ძვირადღირებული მოდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი კონგლომერატია, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Gucci, Balenciaga, Saint Laurent, Alexander McQueen, Brioni, Bottega Venetta.