რამდენიმე კვირიანი სპეკულაციებისა და ჭორების შემდეგ, ბრიტანულმა მოდის სახლმა ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი წარადგინა. ირლანდიაში დაბადებული, ლონდონში მოღვაწე დიზაინერი, შონ მაკგაირი დაიკავებს საპასუხისმგებლო პოზიციას ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული დიზაინერის, ალექსანდრ მაკქუინის დაარსებულ ბრენდში.

შონ მაკგაირი ხსენებულ თანამდებობაზე სარა ბარტონს შეცვლის, რომელიც ბრენდს ალექსანდრ მაკქუინის გარდაცვალების შემდეგ, 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. Alexander McQueen-ის შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში სარა ბარტონის ბოლო კოლექცია მიმდინარე კვირას, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ვიხილეთ.

რაც შეეხება ირლანდიელ დიზაინერს, იგი დიდ ბრიტანეთში მოდის დიზაინის ყველაზე ცნობილი სასწავლების, Central Saint Martins-ის კურსდამთავრებულია და მუშაობდა ისეთი ბრენდების ატელიებში, როგორებიცაა: JW Anderson, Dries Van Noten, Burberry და Uniqlo.

შონ მაკგაირის სადებიუტო კოლექციის ჩვენებას მომავალი წლის თებერვალში ვიხილავთ.