WWD წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ გაბრიელა ჰერსტმა შესაძლოა Chloé დატოვოს. ურუგვაიში დაბადებული დიზაინერი ფრანგულ მოდის სახლში კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე სამი წლის წინ დაინიშნა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, Chloé-სთვის ჰერსტი თავის ბოლო კოლექციას მიმდინარე წლის შემდგომაზე, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე წარადგენს. ბრენდის წარმომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პარალელურად, Chloé-მ ანჯელინა ჯოლის ახალ ბრენდ Atelier Jolie-სთან კოლაბორაცია დააანონსა. როგორც ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამშრომლობის ფარგლებში ქალის ready-to-wear კაფსულა კოლექცია შეიქმნა .

ჯოლიმ თავისი ინიციატივა რამდენიმე კვირის წინ წარადგინა. ახალი პროექტით მისი სურვილია ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი შექმნას ნიჭიერ კრეატორებსა და მომხმარებლებს შორის. “Atelier Jolie არის ადგილი შემოქმედებითი ადამიანებისთვის, რათა მათ შეძლონ თანამშრომლობა გამოცდილი მკერავებისა და ოსტატების მრავალფეროვან ჯგუფთან მთელი მსოფლიოდან,” – ვკითხულობთ მის ინსტაგრამ პროფილზე გამოქვეყნებულ პოსტში.