
მოდის ინდუსტრიის მიმართ ვარსკვლავების მზარდი ინტერესის ფონზე, მაინც არსებობენ სახეები, რომელთა მიერ ახალი ბრენდისა, თუ კოსმეტიკური ხაზის დაარსებას ნაკლებად ველით. ერთ-ერთი მათგანია ანჯელინა ჯოლი, რომელიც მიუხედავად წითელი ხალიჩის დასამახსოვრებელი სტილისა, მოდის ინდუსტრიასთან ახლო კავშირში არასდროს ყოფილა. ჯოლი იმ იშვიათი ვარსკვლავების რიგებშია, რომლებიც Met Gala-ს ერთხელაც არ დასწრებიან, თითქმის არ ჩნდებიან მოდის კვირეულებზე, არ მონაწილეობენ ცნობილი მოდის სახლების სარეკლამო კამპანიებში. გამომდინარე აქედან, ახლახან გავრცელებულმა სიახლემ იმის შესახებ, რომ ანჯელინა ჯოლი მოდის ბიზნესში ერთვება, მის მიმდევრებში დაბნეულობა გამოიწვია. დიახ, ანჯელინა ჯოლი მართლაც ერთვება მოდის ბიზნესში, თუმცა არა კოსმეტიკური ხაზით, ან ცნობილ ბრენდთან კოლაბორაციული კოლექციით. ჯოლიმ დააანონსა ახალი პროექტი, სახელწოდებით – Atelier Jolie.
მიუხედავად იმისა, რომ ოსკარის მფლობელი მსახიობის ახალ წამოწყებაზე დეტალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯოლი მოდაში მუშაობას თავისი წესებითა და ღირებულებებით გეგმავს. მსახიობი, რომელიც სახელგანთქმულია ჰუმანიტარული საქმიანობით, ნიჭიერ კრეატორებსა და მომხმარებლებს „მოდის დემოკრატიზაციას“ ჰპირდება. „Atelier Jolie არის ადგილი შემოქმედებითი ადამიანებისთვის, რათა მათ შეძლონ თანამშრომლობა გამოცდილი მკერავებისა და ოსტატების მრავალფეროვან ჯგუფთან მთელი მსოფლიოდან,“ – ვკითხულობთ ჯოლის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე. „ეს გამომდინარეობს ჩემი მადლიერებიდან და ღრმა პატივისცემიდან იმ მკერავებისა და მწარმოებლების მიმართ, რომლებთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი.“ Atelier Jolie-ის ახლადშექმნილ ინსტაგრამზე აგრეთვე ვკითხულობთ: „მე ვაშენებ ადგილს, სადაც შეძლებ შექმნა შენი საკუთარი დიზაინი.”

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ანჯელინა ჯოლის ახალი ბიზნესი დისტანცირებული იქნება მაღალი მოდის სისტემისგან და ის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლის როლს შეასრულებს ნიჭიერ ადამიანებსა და მომხმარებლებს შორის, დაეხმარება შემოქმედებს, რომლებსაც აქვთ ტანისამოსის შექმნის უდიდესი სურვილი, თუმცა არ აქვთ რესურსები მაღალი მოდის ძვირადღირებულ ატელიებთან თანამშრომლობის. Atelier Jolie მუშაობას 2023 წლის შემოდგომიდან დაიწყებს. სწორედ მაშინ გახდება ცნობილი დამატებითი დეტალები ანჯელინას ახალი წამოწყების შესახებ.