მოდაში ანჯელინა ჯოლის ახალი წამოწყების შესახებ სიახლე სულ რაღაც 3 კვირის წინ გავრცელდა. ოსკარის მფლობელმა მსახიობმა, რომელიც ცნობილია ჰუმანიტარული საქმიანობით, გულშემატკივრებს და რა თქმა უნდა, მოდის ინდუსტრიას Atelier Jolie წარუდგინა, პროექტი, რომლის მიზანი ამბიციურია – მოდის დემოკრატიზაცია.

ჯოლის სურვილია ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი შექმნას ნიჭიერ კრეატორებსა და მომხმარებლებს შორის, დაეხმაროს შემოქმედებს, რომლებსაც აქვთ ტანისამოსის შექმნის უდიდესი სურვილი, თუმცა არასაკმარისი რესურსი.

Atelier Jolie აქტიურ მუშაობას 2023 წლის შემოდგომიდან დაიწყებს. სწორედ შემოდგომაზე უნდა ველოდოთ პროექტის შესახებ ამომწურავ ინფორმაციასაც, თუმცა მანამდე ჯოლი კიდევ ერთხელ ექცევა მოდის პრესის ყურადღების ცენტრში. ამჯერად, ვარსკვლავთან კოლაბორაციულ კოლექციას ფრანგული ბრენდი Chloé აანონსებს.

გავრცელებული სიახლიდან ვიგებთ, რომ კაფსულა კოლექციაზე ჯოლიმ Chloé-ს კრეატიულ დირექტორ გაბრიელა ჰერსტთან ერთად იმუშავა და კოლექცია აკმაყოფილენს „ორივე ბრენდის ვალდებულებებს სოციალური და გარემოსდაცვითი მდგრადობის მიმართულებით.“ „იმ მომენტიდან, რაც Atelier Jolie-სა და ანჯელინას ხედვის შესახებ გავიგე, მე მჯეროდა მისი,“ – თქვა გაბრიელა ჰერსტმა განცხადებაში. ჯოლიმ კი, განაცხადა რომ გაბრიელასთან ერთად კაფსულა კოლექციის დიზაინზე მუშაობა პრივილეგია იყო, „ვიმედოვნებ, რომ ყველა ქალი თავს კომფორტულად და ლამაზად იგრძნობს ამ კოლექციაში.“

მსახიობმა აგრეთვე აღნიშნა, რომ შემოსავალს, რომელსაც Chloé-სთან თანამშრომლობით მიიღებს, Atelier Jolie -ის მკერავებისა და ოსტატების ინვესტირებაში გამოიყენებს.