პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი Saint Laurent-მა ხმაურიანად და შთამბეჭდავად დაიწყო, თუმცა ლიდერებში გამოიკვეთნენ ახალგაზრდა ბრენდებიც.

LGN, იგივე ლუის-გაბრიელ ნუში, ახალგაზრდა დიზაინერია, რომელმაც საკუთარი ბრენდი 2017 წელს შექმნა. მანამდე მან გამოცდილება მიიღო ისეთ ცნობილ დიზაინერთან მუშაობით, როგორიც პრადას შემოქმედებითი დირექტორი – რაფ სიმონსია.

ბრიუსელის La Cambre-ს კურსდამთავრებული, ყოველ სეზონზე მასკულინურობის განსხვავებულ ვარიაციებს გვთავაზობს. მისი ბრენდის ესთეტიკა და ხედვა სწორედ იმის გარშემო ვითარდება, თუ რას ნიშნავს მასკულინურობა თანამედროვე სოციუმში, მისი ღია და ფარული მხარეების წარმოჩენით. ესთეტიკურად ლუის-გაბრიელის ახალი კოლექცია ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა, თუმცა ამჯერად, ახალგაზრდა დიზაინერის მოდელების შემადგენლობამაც მიიქცია ყურადღება.

პოდიუმზე ვიხილეთ მომენტის პოპულარული სერიალების, Emily In Paris-ის, White Lotus-ისა და Fire Island-ის მსახიობები, ლუკას ბრავო, სტეფანო ჯიანინო და ზეინ ფილიპსი.

პოპ-კულტურის ვარსკვლავების მოდელების ამპლუაში ხილვას სიახლეს ვერ ვუწოდებთ, თუმცა გასული საუკუნიდან მოყოლებული, ეს საკმაოდ იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა. ახლა კი, თითქმის ყველა მოდის კვირეულზე არის ერთი ან მეტი ჩვენება, რომელზეც მოდელის როლს კინოს, მუსიკის თუ სპორტის ცნობილი ფიგურა ირგებს.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გასულ ათწლეულში,სერიალების კულტურულმა მნიშვნელობამ და გავლენამ აქამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია. „ნეტფლიქსის ერა“, ხშირად სწორედ ასე მოიხსენიებენ კინო სამყაროში არსებულ ახალ რეალობას, რომელიც ყოველდღიურად უფრო შესამჩნევი ხდება.