2022 წლის სექტემბერში ეიფელის კოშკის ფონზე გამართულ Saint Laurent-ის ქალის კოლექციის ჩვენებაზე მოდელებმა დაგრძელებული სილუეტები წარმოადგინეს. მომდევნო პრეზენტაციაზე, რომელიც გუშინ ვიხილეთ, ფრანგული მოდის სახლისთვის ენტონი ვაკარელოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი ნამუშევრები კვლავ მიწას სწვდებოდა. ამჯერად ბელგიელმა დიზაინერმა პროპორციები, რომლებსაც ის ქალის სამოსში იყენებდა, მამაკაცების სხეულზე გვაჩვენა. მან საკუთარ დიზაინ ენაში გენდერული საზღვრები გააფართოვა, შედეგად Saint Laurent-ის კაცისა და ქალის ხაზებს შორის განმასხვავებელი ნიშნები გაფერმკრთალდა.

ჩვენება Bourse de Commerce – Pinault Collection-ში გაიმართა, პარიზში მდებარე მუზეუმში, რომლის ჭერქვეშაც თავმოყრილია ნამუშევრები ფრანსუა პინოს პირადი კოლექციიდან, რომელიც 400-ზე მეტი არტისტის შექმნილ 10,000-ზე მეტ ნახატს, ქანდაკებას, ფოტოსა თუ ინსტალაციას მოიცავს.

© Saint Laurent

„ამ კოლექციას როცა ვუყურებ, მაქვს განცდა, რომ ჩემთვის მეორეა. პირველი გასულ სეზონზე იყო, რომლის ჩვენებაც მარაქეშში გაიმართა, ეს კი მომდევნოა,“ – განაცხადა დიზაინერმა ჩვენების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. „მართალია კოლექციები მანამდეც ჩემგან მომდინარეობდა, მაგრამ ისინი შესაძლოა ქალების კოლექციებისგან ძალიან განსხვავდებოდა. უფრო და უფრო მინდა, რომ ისინი ერთი პიროვნებისთვის იყოს განკუთვნილი. როცა კაცი ქალისას ირჩევს, ქალი კი კაცისას – განსხვავება არ შეიმჩნეოდეს. ამ დრომდე ისინი ერთ დონეზე არ ამიყვანია, ამიერიდან კი მინდა ეს შევცვალო.“

ეს იყო რომანტიკული, დახვეწილი, სენსუალური და ძლიერი კოლექცია, რომელიც იდეალურად ერგებოდა ატმოსფეროს, რომელშიც ის იყო ნაჩვენები. მასში შავი ფერი დომინირებდა, ნაზი ტყავის, აბრეშუმის, ხავერდისა და შიფონის დეტალები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა, დიდი ზომის ბაფთები კი კოლექციის ხასიათს სრულყოფილად წარმოაჩენდა.

ჩვენების ფინალში ხავერდის სმოკინგში გამოწყობილი შარლოტ გენსბური პიანინოს მიუჯდა და თავისი შესრულებით ემოციურ ნოტაზე დაასრულა Saint Laurent-ის მორიგი დასამახსოვრებელი სანახაობა.

Saint Laurent ზამთარი 2023 – კაცის კოლექციის ჩვენება

Tags :