გასულ 3 წელში პირველად, მოდის უმსხვილესი კონგლომერატის, LVMH-ის ფინანსური შედეგების გაცნობა და მიმოხილვა ფიზიკურ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრას კომპანიის გენერალური დირექტორი და ხშირად აღიარებული, როგორც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბერნარ არნო ხელმძღვანელობდა. 73 წლის არნომ გასული 12 თვის მიღწევები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ LVMH-ის წამყვანი ბრენდი, ლუი ვიტონი კვლავაც გაიზარდა და 20 მილიარდი ევროს ნიშნულს მიაღწია. ბერნარმა ხაზი გაისვა მაიკლ ბურკის დამსახურებას ლუი ვიტონის წარმატებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ციფრები, რომლებიც არნომ ლუი ვიტონთან მიმართებაში დაასახელა შთამბეჭდავია და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს მოდის ბიზნესის მასშტაბებზე, მის გამოსვლაში ყურადღებას იმსახურებდა კონგლომერატის შედარებით პატარა ბრენდიც – Celine. ფრანგმა ბიზნესმენმა სელინში ედი სლიმანის წარმატებაზე დაადასტურა, რომ სლიმანის ხელმძღვანელობით, სელინის წლიურმა გაყიდვებმა 2 მილიარდ ევროს მიაღწია. შედეგს ფენომენალურიც შეგვიძლია ვუწოდოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2020-2021 წლებში, პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის ფონზე, ლუქს მოდის ბიზნესი საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

ცნობილია, რომ სლიმანის დანიშვნამდე, Celine-ის წლიური შემოსავალი 441.3 მილიონი ევრო იყო. 2018 წელს კი, როდესაც ედი სლიმანი Celine-ის შემოქმედებით დირექტორად წარადგინეს, LVMH-ის ოფიციალური პირები ღიად აღნიშნავდნენ, რომ მიზანი, მომავალ 5 წელში, ბრენდის გაყიდვების გაორმაგება იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრანგმა დიზაინერმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ედი სლიმანი

შეგახსენებთ, რომ ედი სლიმანი პირველი დიზაინერია, რომელსაც CFDA-ის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მამაკაცის სამოსის შექმნისთვის აქვს მიღებული. სხვადასხვა დროს, ის ხელმძღვანელობდა Dior-ისა და Saint Laurent-ის მოდის სახლებს.