2023 წელი LVMH-ისთვის დიდი ცვლილებებით იწყება – კონგლომერატის ორი უდიდესი სახლის ახალი აღმასრულებელი დირექტორების შესახებ სიახლე ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

დელფინ არნო, ბერნარ არნოს ქალიშვილი, დიორის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას დაიკავებს. ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება ლუი ვიტონსაც – პოზიციაზე პიეტრო ბეკარი დაინიშნა, რომელიც ყოფილი გენერალური და ვიცე-გენერალური დირექტორების [შესაბამისად] მაიკლ ბურკისა და დელფინ არნოს პოზიციებს შეითავსებს. ლუი ვიტონის აწ უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ბურკი კი, LVMH-ში ახალ პოზიციაზე გადადის (რომლის ზუსტი დასახელებაც არ ვრცელდება) და ის პირდაპირ ბერნარ არნოსთან ერთად იმუშავებს.

კონგლომერატში კიდევ რამდენიმე ცვლილების შესახებ ხდება ცნობილი; დიორის ოტ კუტიურის ვიცე პრეზიდენტი და კომერციული აქტივობების დირექტორი, ჩარლს დელაპალმი მოდის სახლის ოტ კუტიურის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. კიდევ ერთი სიახლე სტეფან ბინაჩის, LVMH-ის საათებისა და სამკაულების განყოფილების დირექტორის, პასუხისმგებლობის გაფართოვება კონგლომერატისთვის ახალ ბრენდებზე, Tiffany & Co.-სა Repossi-ზე გახდა.

ცვლილებები ძალაში 2023 წლის პირველი თებერვლიდან შევა და ამის შემდეგ LVMH-ში სხვა ცვლილებებიც მოსალოდნელია, მათ შორის კრეატიულ განყოფილებებშიც. შეგახსენებთ, რომ კონგლომერატი ფლობს ისეთ მოდის სახლებს, როგორებიცაა დიორი, ფენდი, სელინი, ჟივენში, ლუევე, კენზო, ბულგარი და ა.შ.

დელფინ არნო, ბერნარ არნოს უფროსი შვილი, დიორში 2008-დან 2013-მდე მუშაობდა, როგორც გენერალური დირექტორს მოადგილე, ამიტომ ბრენდში დაბრუნება მისი კარიერის ბუნებრივ გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. ბერნარ არნო ამ გზით საკუთარი ოჯახის გავლენას ზრდის, თუმცა, ამასთან დელფინასთვის ეს კარიერული თვალსაზრისით უდიდესი ნახტომია. პირველ რიგში, ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას პირველად იკავებს, ხოლო აღნიშნული პოზიციის დაკავება LVMH-ის ერთ-ერთ, თუ არა, ყველაზე მნიშვნელოვან ბრენდში, შესაძლოა მისი კარიერის ზენიტად ჩაითვალოს.

დელფინ არნო ლუი ვიტონის თითქმის ყველა პროდუქტის გამოშვების უკან იდგა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ბოლო, კოლაბორაცია იაიოი კუსამასთან თავიდან ბოლომდე არნოს დაგეგმილი და განხორციელებულია.

შვილის წარმატებაზე ბერნარ არნომ WWD-სთან შემდეგი კომენტარი გააკეთა “[LVMH-ში] დიდი ცვლილებები გვაქვს, მათ შორის დელფინას მორიგი კარიერული წარმატება მოდისა და ტყავის ნაწარმის ინდუსტრიაში. მას შემდეგ, რაც ის ლუი ვიოტნში მუშაობს, ბრენდის პროდუქტების მიმართ სურვილი საგრძნობლად გაიზარდა, რამაც კომპანიას მისცა საშუალება გაყიდვების ახალი და ახალი რეკორდები მოეხსნა. მისი ხედვა და უდიდესი გამოცდილება კრისტიან დიორის სახლის ზრდის გარანტია.”

ბერნარ არნოს ხუთივე შვილი LVMH-შია დასაქმებული, ალექსანდ არნო ტიფანის ვიცე პრეზიდენტია, ფრედერიკ არნო Tag Heuer-ის აღმასრულებელი დირექტორია, ჯინ არნო მარკეტინგისა და განვითარების დირექტორია ლუი ვიტონში, ხოლო ანტუან არნო კრისტიან დიორის თავმჯდომარეა.