ვოგის ბრიტანულ გამოცემაში ედვარდ ენინფულის თითქმის შვიდწლიანი მმართველობა 2024 წლის მარტის ნომრით სრულდება. მოდის მოყვარულებში ამ სიმბოლური ნომრის მიმართ სპეკულაციები რამდენიმე კვირაა არ წყდება.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა თუ ვის ერგებოდა პატივად ენინფულის ხელმძღვანელობით, ვოგის ბოლო ნომრის ყდაზე მოხვედრა. 8 თებერვალს, საიდუმლო გამჟღავნდა – Vogue-მა ბრიტანული გამოცემის მარტის ნომრის მთავარი გარეკანი გამოაქვეყნა, რომელზეც თანამედროვე კულტურის 40 ცნობილი ქალია გამოსახული.

გარეკანზე ვხედავთ ლეგენდარულ ქალებს განსხვავებული ინდუსტრიებიდან, მათ შორის არიან: ოპრა უინფრი, სინდი კროუფორდი, ნაომი ქემბელი, სერენა უილიამსი, ვიქტორია ბექჰემი, ჯეინ ფონდა, სალმა ჰაიეკი, დუა ლიპა, ლინდა ევანგელისტა და ა.შ.
შვიდი წლის განმავლობაში, ედვარდის გადაწყვეტილებით, ბრიტანული ვოგის გარეკანზე ჯამში, 153 ქავერ-ვარსკვლავი მოხვდა. სწორედ მათ შორის გამორჩეული 40 სახე შეირჩა მარტის ნომრისთვის. გადაღება ნიუ-იორკში, მოდის ლეგენდარული ფოტოგრაფის, სტივენ მეისელის სტუდიაში შედგა.

ენინფული ბრიტანული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოზიციაზე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა, 2020 წელს კი, ბრიტანულ ვოგთან ერთად, Vogue-ს ევროპული გამოცემების სარედაქციო დირექტორიც გახდა.
გასული წლის ივნისის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ ენინფული Vogue-ის ბრიტანული გამოცემის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებდა და სანაცვლოდ მას მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალის კრეატიულ და კულტურულ მრჩევლად წარადგენდნენ. გავრცელებულ სიახლეს საერთაშორისო მედიასა და სოციალურ ქსელებში წინააღმდეგობრივი რეაქციები მოჰყვა. პრესა ენინფულისა და ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორის, ანა ვინტურის შესაძლო დაპირისპირებაზე ალაპარაკდა.
წაიკითხეთ უფრო ვრცლად: ანა ვინტურისა და ედვარდ ენინფულის დაპირისპირება ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდა – რა ხდება Vogue-ში?