2 ივნისს, ამერიკულმა მედია-კომპანია „ქონდე ნასტმა“ გაავრცელა სიახლე, რომ ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორი, ედვარდ ენინფული ვოგში ახალ, გლობალურ როლს შეითავსებს. 2024 წლიდან იგი ვოგის კრეატიული და კულტურული მრჩეველი გახდება, თუმცა დატოვებს ვოგის ბრიტანულ გამოცემაში დაკავებულ თანამდებობას. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, გავრცელებული სიახლე ედვარდის დაწინაურებაზე მიუთითებს, მოდის ბიბლიად წოდებულ ჟურნალში ორგანიზაციული სტრუქტურა არ იცვლება და ენინფული მომავალშიც პასუხისმგებელი იქნება ანა ვინტურის წინაშე, რომელიც ამერიკული Vogue -ის მთავარი რედაქტორი და Condé Nast-ის სარედაქციო პოლიტიკის გლობალური ხელმძღვანელია, ამასთან, იგი კარგავს ვოგის გავლენიან გამოცემაში მთავარი რედაქტორის თანამდებობასა და სტატუსს.
ედვარდ ენინფული British Vogue – ის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა, თუმცა ეს არ იყო მორიგი სიახლე მოდის სამყაროში. ედვარდმა აღნიშნულ თანამდებობაზე ალექსანდრა შულმანი შეცვალა. რასობრივი, ეთნიკური მრავალფეროვნების ნაკლებობის გამო, შულმანის ვოგი ხშირად ხდებოდა კრიტიკის საფუძველი. მისი 25 წლიანი მმართელობის განმავლობაში, ბრიტანული ვოგის ყდაზე ფერადკანიანი ქალი მხოლოდ 12-ჯერ დაიბეჭდა. 2015 წლის თებერვალში, როდესაც ჯორდან დანი მოხვდა ვოგის ბრიტანული გამოცემის ყდაზე, იგი პირველი შავკანიანი მოდელი იყო გასულ 12 წელში, რომელიც გარეკანზე დაიბეჭდა. ენინფული, რომელსაც მოდაში თითქმის 25 წლიანი გამოცდილება ჰქონდა, გახდა ბრიტანული ვოგის პირველი შავკანიანი მთავარი რედაქტორი, აგრეთვე პირველი გეი მამაკაცი ამ გავლენიანი გამოცემის სათავეში. ედვარდი მოდის ინდუსტრიას ცვლილების ელჩად მოევლინა, რომელსაც მოდაში „მომავლის ანა ვინტურსაც“ უწოდებდნენ.
“თანამდებობაზე დანიშვნების მომენტიდან, ენინფულმა ნათლად აჩვენა, რომ ბრიტანულ ვოგს ხედავდა, როგორც საფეხურს მოდაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოსაკენ, რომელიც არის ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორობა,“ – ვკითხულობთ The Sunday Times-ის ახალ სტატიაში. „იგი თვლიდა, რომ ჰქონდა ყველა საჭირო უნარი და უფლებაც, ყოფილიყო თანამედროვე, ინკლუზიური რედაქტორი, რომელიც Vogue-ის ახალ სახეს წარმოადგენდა.“- უთხრა გამოცემას „ქონდე ნასტის“ ანონიმურმა წყარომ. „მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ამერიკულ ვოგს უკვე ჰყავს მთავარი რედაქტორი, თანაც არა უბრალოდ რიგითი რედაქტორი.“
ანა ვინტური მოდის სამყაროში რომ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი ადამიანია, ამის შესახებ ყველამ იცის. გარდა იმისა, რომ იგი ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორია, ანა 2000 წლიდან „ქონდე ნასტის“ შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა. „ქონდე ნასტი“ ვოგთან ერთად გამოსცემს ისეთ ჟურნალებს, როგორებიცაა: The New Yorker, GQ, Glamour, Architectural Digest, Vanity Fair, Pitchfork, Wired. ეს კი, ამყარებს ვინტურის სტატუსს, თუმცა გასული ათწლეული განმსაზღვრელი ცვლილებების დეკადა აღმოჩნდა, რამაც გავლენების განსხვავებულად გადანაწილებას შეუწყო ხელი. ვინტურისთვის განსაკუთრებით რთული ახალი ათწლეულის დასაწყისი აღმოჩნდა. აშშ-ში სამართალდამცავის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეულმა მასობრივმა პროტესტმა ხელი შეუწყო რასობრივ დისკრიმინაციაზე დიალოგის გაღვივებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მოდასა და მედია-კომპანიებში. მაშინ, კვლავ აქტუალური გახდა ვოგში მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ნაკლებობის საკითხი და ანა ვინტური, რომელიც ამერიკულ ვოგს 1988 წლიდან ხელმძღვანელობს, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა. რასიზმის წინააღმდეგ პროტესტს დაემატა პანდემია, რომელმაც ინდუსტრია და მასთან ერთად ჟურნალი ვოგიც უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა.
განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გაჩნდა კითხვები, შეძლებდა თუ არა ანა ვინტური ამერიკაში აგორებულ პროტესტთან და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებას? გარისკავდა თუ არა „ქონდე ნასტი“ კვლავაც 70 წლის ვინტურისთვის მიენდო შექმნილი კრიზისის დარეგულირება, მაშინ როდესაც ედვარდ ენინფული უკვე ჟურნალ Time-ის გარეკანზე იყო, აღიარებული და ყველასგან მიღებული, როგორც ვოგისა და მოდის სამყაროს უკეთესობისაკენ ცვლილების ელჩი. შექმნილი რეალობა მიანიშნებდა, რომ ეს მართლაც უნდა ყოფილიყო ვინტურის მმართველობის დასასრული, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. „ქონდე ნასტის“ გენერალურმა დირექტორმა, როჯერ ლინჩმა ფსონი კვლავაც ვინტურზე დადო და ანას როლი მედია-კომპანიაში კიდევ უფრო გაზარდა. ვინტური დარჩა ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე და „ქონდე ნასტის“ შემოქმედებით დირექტორობასთან ერთად, კომპანიის სარედაქციო პოლიტიკასა და მასალების დირექტორიც გახდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანა ვინტური Condé Nast-ის ყველა ჟურნალის საგამომცემლო სამსახურის დირექტორად დაწინაურდა.
ანას ძალაუფლების ზრდას მოჰყვა ახალი სტრატეგია, რომლის მთავარი მიზანი იყო Vogue -ის ერთიანი პოლიტიკის და სარედაქციო ღირებულებების სქემაში მოქცევა. მარტივად რომ ვთქვათ, ვოგის ყველა საერთაშორისო გამოცემა ვინტურის ხედვას დაექვემდებარა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა საკადრო ცვლილებები. ერთ-ერთი პირველი ჩინური ვოგი იყო. გამოცემიდან ლეგენდარული მთავარი რედაქტორი ანჯელიკა ჩეუნგი წავიდა, იგი აზიაში ვოგის ყველაზე დიდ გამოცემას 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მხოლოდ 5 თვის ინტერვალში, თანამდებობა დატოვეს ესპანური, რუსული და გერმანული გამოცემების რედაქტორებმაც, თუმცა ყველას აინტერესებდა როგორ მოხდებოდა ვოგის 3 დიდი გამოცემის, იტალიურის, ბრიტანულის და პარიზის ერთიან სქემაში მოქცევა. მაშინ ანამ რეგიონალური დირექტორების დანიშვნის საკითხი წამოჭრა. ასე და ამგვარად შეიქმნა ახალი თანამდებობა – ვოგის ევროპული გამოცემების ზოგადი სარედაქციო კურსის დირექტორი. ამ პოზიციაზე ვინტურმა ედვარდ ენინფული დააწინაურა. ამ ნაბიჯით, ანამ ვოგის ფრანგული და იტალიური გამოცემების რედაქტორები ედვარდს დაუქვემდებარა, ედვარდი კი, თავის მხრივ ანასთან პასუხისმგებელი პირი იყო. სიახლის გავრცელების შემდეგ, არავის გაკვირვებია, რომ იტალიური და ფრანგული გამოცემების მთავარმა რედაქტორებმა დაკავებული თანამდებობა დატოვეს. მათ შემცვლელად, ორივე გამოცემაში, ედვარდმა „სარედაქციო კონტენტის ხელმძღვანელი“ წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ედვარდი ვოგის ევროპული გამოცემების ლიდერი გახდა, არ წყდებოდა საუბარი მის იმედგაცრუებასა და ფარულ დაპირისპირებაზე ანა ვინტურთან. The Sunday Times-ს ვოგში დასაქმებულმა სანდო წყაროებმა გაუმხილეს, რომ ედვარდი ნამდვილად არ ელოდა, თუ „დიდი ხანი მოუწევდა მეორეხარისხოვანი როლის თამაში.“
2023 წლის ივნისში, „ქონდე ნასტმა“ და ანა ვინტურმა ედვარდი კიდევ ერთხელ დააწინაურა, თუმცა ამჯერად, ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორის თანამდებობის ხარჯზე. მომავალი წლიდან ვოგის ბრიტანულ გამოცემას, ისევე, როგორც იტალიურს და ფრანგულს, არა მთავარი რედაქტორი, არამედ „სარედაქციო კონტენტის ხელმძღვანელი“ ეყოლება და იგი პასუხისმგებელი იქნება ვინტურთან. რაც შეეხება ედვარდს, თუ რას მოიაზრებს მისი ახალი, კულტურული და კრეატიული მრჩეველის როლი, ეს საკითხი, საკმარისად გაურკვეველია იმისათვის, რომ ვთქვათ, ვინტურისა და ენინფულის 5 წლიანი დაპირისიპირება, ამჯერად, ედვარდის მარცხით დასრულდა.