სიახლე ბრიტანული ვოგის მთავარმა რედაქტორმა, ედვარდ ენინფულმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, ედვარდის ხელმძღვანელობით, დიდ ბრიტანეთში ვოგი 2024 წლის აპრილამდე გამოიცემა, რაც ნიშნავს, რომ მომავალი წლის მარტის ნომერი იქნება ენინფულის ბოლო – მთავარი რედაქტორის ამპლუაში. გარდა ამისა,როგორც ახლადგავრცელებული სიახლიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, ედვარდი Vogue UK-ის ბოლო მთავარი რედაქტორიც იქნება, რადგან 2024 წლის აპრილიდან გამოცემას „სარედაქციო კონტენტის დირექტორი“ უხელმძღვანელებს.

სარედაქციო კონტენტის დირექტორის თანამდებობა ვოგში გასული ათწლეულის მიწურულს გაჩნდა, როდესაც მოდის ბიბლიად აღიარებულ გამოცემაში ერთიანი სარედაქციო პოლიტიკის მისაღწევად რეორგანიზაცია დაიწყო და ყველა დიდი გამოცემა, რომელიც წარსულში, მეტნაკლებად დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა, ერთიან სისტემას დაექვემდებარა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ედვარდ ენინფულის ხელმძღვანელობით, ბოლო ნომრის გამოსვლის შემდეგ, ვოგის გავლენიან გამოცემებში მთავარი რედაქტორის სტატუსი მხოლოდ ანა ვინტურს ექნება.

რაც შეეხება ბრიტანული გამოცემის სარედაქციო კონტენტის ახალ ხელმძღვანელს, რომელიც პასუხისმგებელი ანა ვინტურთან იქნება, Chioma Nnadi ლონდონში დაბადებული ჟურნალისტი და მოდის რედაქტორია, რომელიც ამჟამად ამერიკულ ვოგში მუშაობს. ნადი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 9 ოქტომბრიდან დაიწყებს და მისი სადებიუტი Vogue, 2024 წლის აპრილის ნომერი იქნება. ამ დაწინაურებით, Chioma Nnadi ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ფერადკანიანი ქალი ბრიტანული ვოგის სათავეში.