ედვარდ ენინფულმა Instagram-ზე თავის 1.5 მილიონ მიმდევარს აცნობა, რომ მისი მთავარი რედაქტორობით ბრიტანული Vogue კიდევ შვიდი თვის განმავლობაში გამოიცემა, ბოლო კი 2024 წლის მარტის თვის ნომერი იქნება.

“ჯერ ისევ ვგეგმავ ჩემს ბოლო ნომრებს, გონებაში ბევრი აზრი მიტრიალებს,” – წერს ენინფული თავის პოსტში. “გლობალური ცვლილებების ბრწყინვალე განმახორციელებელთა ძალა! გაერთიანებული სამეფოს დაუმარცხებელი შემოქმედებითობა! და, უპირველესყოვლისა, მოდა! ყველაფერზე მეტად კი უბრალოდ ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის ის, რაც მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში ისევ მოსალოდნელია.”

ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ენინფული Vogue-ში სხვა თანამდებობაზე ინიშნებოდა და მას ახალი, გლობალური როლი ერგებოდა. შედეგად, 2024 წლიდან ის Vogue-ში კრეატიული და კულტურული მრჩეველი იქნება. გარდა ამისა, ბრიტანული Vogue-ს სარედაქციო მრჩევლის პოზიციასაც დაიკავებს. 

ენინფული ბრიტანული Vogue-ს მთავარი რედაქტორის პოსტზე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა, 2020 წელს კი მთავარ რედაქტორთან ერთად, Vogue-ს ევროპული გამოცემების სარედაქციო დირექტორიც გახდა.