მოდის ფრანგული კონგლომერატისთვის, Kering-ისთვის, რომელიც ფლობს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: Gucci, Balenciaga, YSL, Bottega Venetta, Alexander McQueen, Brioni, 2022 წლის ბოლო ტურბულენტური აღმოჩნდა. გუჩიში დიზაინერის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების პარალელურად, ბალენსიაგას გარშემო გაღვივებულმა გლობალურმა სკანდალმა კონგლომერატი გამოწვებების წინაშე დააყენა. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, Kering-ის ფინანსური ანგარიშის მიმართ ინტერესი გაორმაგდა.

ტრადიციულად, თებერვლის მეორე კვირაში, კონგლომერატის პრეზიდენტმა და მფლობელმა, ფრანსუა ანრი პინომ, აღმასრულებელ დირექტორებთან ერთად, გასული წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ზოგადი მიმოხილვა გამოქვეყნდა Kering-ის ოფიციალურ საიტზეც. როგორც ვკითხულობთ:

  • 2022 წელს, კონგლომერატის მთლიანმა შემოსავალმა 20 მილიარდ ევროს გადააჭარბა, რაც 15%-ით აღემატება 2021 წლის შედეგს.
    • 2022 წლის მეოთხე კვარტალში გაყიდვები შემცირდა 2%-ით.
  • 2022 წელს, კონგლომერატის უდიდესი ბრენდის, Gucci-ს წლიურმა შემოსავალმა 10.5 მილიარდი ევრო შეადგინა.
    • 2022 წლის მეოთხე კვარტალში, გუჩის შემოსავალი 14%-ით შემცირდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, ბრენდის შემოქმედებითმა დირექტორმა, ალესანდრო მიკელემ თანამდებობა დატოვა.
  • Saint Laurent -ის წლიურმა შემოსავალმა 3,3 მილიარდი შეადგინა. ზრდა შეინიშნებოდა მეოთხე კვარტალშიც. Bottega Venetta – 1,7 მილიარდი, ამ შემთხვევაშიც, ზრდა შეინიშნებოდა მთელი წლის განმავლობაში.
  • ტრადიციულად, კონგლომერატმა თავი შეიკავა Balenciaga-ს ზუსტი ციფრის დასახელებისგან. „ბალენსიაგას ჰქონდა ბრწყინვალე 2022, მიუხედავად რთული დეკემბრისა,“ – ნათქვამია “ქერინგის” ოფიციალურ განცხადებაში.
  • კონგლომერატში ასევე აღნიშნავენ, რომ ბალენსიაგას და „სხვა მოდის სახლების (Alexander McQueen და Brioni)“ საერთო შემოსავალი 3.9 მილიარდი ევრო იყო, ხოლო მეოთხე კვარტალში, გაყიდვები 4%-ით შემცირდა.

Kering-ის „სხვა მოდის სახლებში“ ბალენსიაგა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბრენდია (Bloomberg -ზე დაყრდნობით, ბალენსიაგას წლიური შემოსავალი 2.3 მილიარდ დოლარს შეადგენს). უნდა ვივარაუდოთ, რომ მეოთხე კვარტალში, 4%-იანი კლება სწორედ ბალენსიაგას „რთულ დეკემბერს“ უკავშირდება.

ფრანსუა ანრი პინო

“დეკემბერში (სკანდალმა) ბალენსიაგაზე დიდი გავლენა იქონია, განსაკუთრებით აშშ-ში, შუა აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში, თუმცა აზიაში რეაქციები არ მოყოლია,“ – აღნიშნა ფრანსუა ანრი პინომ პრესასთან საუბარში. ფრანგმა მილიარდერმა დაადასტურა, რომ დემნა და სედრიქ შარბი, ბალენსიაგას შემოქმედებითი და აღმასრულებელი დირექტორები, რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე. “ისეთ ჯგუფში, როგორიც Kering-ია, შეცდომის დაშვების უფლება ყველას აქვს.” – ამბობს პინო. მისივე ცნობით, მსგავსი შეცდომის ასარიდებლად, კონგლომერატში შეიქმნა ახალი სამსახური ბრენდის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს უკანასკნელი პასუხისმგებელი იქნება ყველა ზემოხსენებული ბრენდების იმიჯზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამიერიდან, ყველა სარეკლამო კამპანია გადაიხედება Kering-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ, გასაჯაროვდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი არ იქნება არცერთი ბრენდის ხელმძღვანელობასთან.

ბალენსიაგას სამომავლო გეგმებზე საუბრისას, პინომ განმარტა, რომ დემნას ახალი ინტერვიუ, რომელიც 9 თებერვალს ამერიკულმა ვოგმა გამოაქვეყნა, ახალი თავის დასაწყისია და 5 მარტს დაგეგმილი ჩვენება მეტად კონცენტრირებული იქნება კოლექციის წარმოჩენაზე და ნაკლებად – თეატრალური შოუს დადგმაზე. მან ასევე დაადასტურა გასულ წელს გავრცელებული ხმებიც ბალენსიაგაში დემნას პირველ სუნამოზე და აღნიშნა, რომ ბალენსიაგას პარფიუმერიის ხაზი მართლაც მზადების პროცესშია.

დემნა

რაც შეეხება გუჩის, 2023 წლის იანვრიდან ბრენდს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს. “შემოქმედებითი სადავეების Sabato de Sarno-ს ხელში მოქცევით, გვჯერა, რომ უაღრესად სასურველი პროდუქტებისა და კოლექციების გამოშვებით მოდის სახლი განაგრძობს მოდასა და კულტურაზე გავლენის მოხდენას და თანამედროვე ლუქსს განსაკუთრებულ და თანამედროვე პერსპექტივას შემატებს,” – განაცხადა ფრანსუა ანრი პინომ გუჩის ახალი დიზაინერის წარდგენისას. გუჩის განახლებული ბიზნეს-სტრატეგია ბრენდის მდიდრული და მარადიული იდენტობის წინ წამოწევასაც გულისხმობს. ამ ეტაპისათვის ცნობილია, რომ ზაფხულში გაიხსნება მუდმივი სივრცეები დიდ ქალაქებში, ე.წ. Gucci Salons, რომლებიც მომხმარებელს უმაღლესი დონის სერვისებსა და მოდელებს შესთავაზებს. ფასები კი, 40,000-დან 3 მილიონ ევრომდე იმერყევებს. იგეგმება გამოფენების მოწყობაც, სახელწოდებით – Gucci Cosmos, ”ეს უკიდურესად დახვეწილი გზაა გუჩის მემკვიდრეობის წარმოსაჩენად, რომელიც არც ისე კარგად არის ცნობილი.” – აღნიშნა პინომ.

Gucci-ს ახალი კრეატიული დირექტორი – Sabato de Sarno.

Gucci-ს 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება მილანის მოდის კვირეულზე, 24 თებერვალს გაიმართება. კოლექციას ბრენდის შემოქმედებითი გუნდი, კრეატიული დირექტორის გარეშე წარადგენს. Sabato de Sarno-ს ხელმძღვანელობით, სადებიუტო შოუ სექტემბერში, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე იგეგმება.

Tags :