საზაფხულო დასვენებამდე მოდა ჩვენებების ბოლო სეზონისთვის ემზადება. როგორც უკვე ცნობილია, ივლისის პირველი კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება. ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის მოდის ფედერაციამ ოტ-კუტიურ მოდის კვირეულის კალენდარი გამოაქვეყნა, რომელშიც 32 ბრენდი მიიღებს მონაწილეობას. ახლა კი, ვიგებთ, რომ კალენდრის მიღმა, ფეშენისტების კიდევ ორი საყვარელი მოდის სახლი გამართავს ჩვენებას.

ალაიას და სელინის ჩვენებები 2 ივლისს, 30 წუთის განსხვავებით გაიმართება და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს არჩევანის წინაშე დააყენებს. ინფორმაციას მოდის პრესის ცნობილი გამოცემა WWD ადასტურებს.

Celine ზაფხული 2023

ტრადიციულად, საფრანგეთის მოდის ფედერაცია, რომელიც ორგანიზებას უწევს პარიზის მოდის კვირეულს, ჩვენებების განრიგის შედგენისას, ითვალისწინებს დროს, რომელიც სტუმრებს ერთი ლოკაციიდან მეორემდე გადასაადგილებლად სჭირდებათ, თუმცა ხსენებული ორგანიზაცია, ოფიციალური კალენდრის მიღმა გამართულ ჩვენებებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. გამომდინარე აქედან, მათ შექმნილ ვითარებაზე კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს.