გერმანული კომპანიის ცნობილი ლოგო კიდევ ერთხელ მოექცა საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრში. ამჯერად საქმე ეხება ორგანიზაცია Black Lives Matters, რომელიც აშშ-ში 2013 წლიდან არსებობს და აფრო-ამერიკელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს. ორგანიზაცია განსაკუთრებით გავლენიანი გახდა 2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც პოლიციელთა სისასტიკეს ემსხვერპლა აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი. სწორედ 2020 წელს, ორგანიზაციამ ოფიციალურად დაიწყო მუშაობა სამზოლიან ყვითელ ლოგოზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რამაც ადიდასში უკმაყოფილება გამოიწვია.

გერმანულ კომპანიაში ფიქრობენ, რომ სწორი ზოლების ლოგოდ გამოყენება მომხმარებელში დაბნეულობას იწვევს და ლახავს მათ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას. ამ არგუმენტით ადიდასი აშშ-ის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის სამსახურისგან ითხოვდა, რომ უარი ეთქვათ Black Lives Matters-ისთვის ყვითელი ზოლების ლოგოს რეგისტრაციაზე, თუმცა როგორც BBC, Reuters და სხვა ცნობილი გამოცემები აღნიშნავენ, ცოტა ხნის წინ, ბრენდმა მოთხოვნა გაიხმო.

კომპანიასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, Adidas -ში შიშობენ, რომ მათ მოთხოვნას შესაძლოა მიეცეს არასწორი ინტერპრეტაცია და აღქმული იყოს, როგორც რასისტული ნაბიჯი, კრიტიკა Black Lives Matter-ის არა ლოგოს, არამედ მისიის.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ, Adidas-მა სწორი ზოლების ლოგოსთან დაკავშირებული 90-მდე სასამართლო დავა წამოიწყო, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო ამერიკელი დიზაინერის, თომ ბრაუნის წინააღმდეგ.