მანჰეტენის სასამართლომ გადაწყვეტილება 12 იანვარს გაასაჯაროვა. Adidas-მა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ამერიკელმა დიზაინერმა, თომ ბრაუნმა დაარღვია ინტელექტუალური საკუთრების უფლება სპორტული გიგანტის სავაჭრო ნიშანზე. საქმე ეხება სამი სწორი ხაზის ვიზუალურ გამოსახულებას, რომელიც „ადიდასის“ ბრენდის განუყოფელი ნაწილია.

Adidas ამერიკელი დიზაინერის ბრენდისგან ლიცენზიის წესის დარღვევისათვის 867,225 დოლარის კომპენსაციას ითხოვდა. Thom Browne-ის მხარე კი, აქცენტს სწორი ზოლების რაოდენობისა და ბრენდებს შორის ესთეტიკურ განსხვავებებზე აკეთებდა. ამერიკელი დიზაინერის ტანისამოსზე გამოსახულია ოთხი ან მეტი სწორი ხაზი, „ადიდასისგან“ განსხვავებით, რომელიც 3 სწორ ზოლს იყენებს. რაც შეეხება სტილს, თომ ბრაუნი ცნობილია კლასიკური მკერვალობისა და ამერიკული სპორტული სტილის სინთეზით.

სასამართლომ თომ ბრაუნის არგუმენტები საკმარისად მიიჩნია და განმარტა, რომ დიზაინერის მიერ სწორი ხაზების გამოყენება მომხმარებელში დაბნეულობას არ იწვევს, „ადიდასის“ სავაჭრო ნიშანზე კი, უფლებები არ დარღვეულა.

აღსანიშნავია, რომ 2007 წლამდე, თომ ბრაუნი ტანისამოსზე 3 სწორ ზოლს იყენებდა, თუმცა სწორედ გერმანული კომპანიის მოთხოვნით, ამერიკელმა დიზაინერმა ხაზების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ 2008 წლის შემდეგ, „ადიდასმა“ სწორი ხაზების ლოგოსთან დაკავშირებული 90-მდე სასამართლო დავა წამოიწყო.