გასული წლის აპრილში, ფრანგულ მოდის სახლსა და სპორტული ტანისამოსის გერმანულ კომპანიას შორის თანამშრომლობის დაწყებაზე სიახლე პირველად გავრცელდა. შემდეგ იყო ბალენსიაგას შოუ ნიუ-იორკში, სადაც გავრცელებული ხმები ოფიციალურად დადასტურდა – ქართველმა დიზაინერმა, დემნამ პოდიუმზე კოლაბორაციული ნივთები წარადგინა, რომელიც განიერ, დიდი ზომის სილუეტებთან ერთად, ბალენსიაგას ლოგოს და ადიდასის უცვლელ ზოლებს აერთიანებდა.

კოლექციის სარეკლამო კამპანიის გადაღებები მაისში, ნიუ-იორკში გაიმართა, გაყიდვაში გამოსვლა კი, წლის ბოლოს დაიგეგმა, თუმცა ნოემბერში, ბალენსიაგას გარშემო განვითარებულმა სკანდალმა თანამშრომლობა შეაფერხა.

მალევე ოფიციალურად დადასტურდა, რომ Balenciaga x Adidas კოლაბორაციული კოლექციის გაყიდვები გაურკვეველი ვადით შეჩერდა. სიახლეს მოულოდნელს ვერ ვუწოდებდით, რადგან ბალენსიაგას გახმაურებული სკანდალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ადიდასთან ერთად შექმნილი სარეკლამო ფოტო გახდა. გაყიდვების შეჩერების პარალელურად, Adidas-ის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობდით, რომ კომპანია ბალენსიაგასთან თანამშრომლობის „გადაფასებას“ გეგმავდა.

ზემოხსენებული მოვლენებიდან 3 თვის შემდეგ, ბალენსიაგას და ადიდასის მაღაზიებში გასაყიდად კვლავ გამოჩნდა კოლაბორაციული კოლექციიდან ნივთები.

ბრენდები ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ ავრცელებენ, თუმცა მოდის პრესის ცნობილი გამოცემები უკვე ღიად საუბრობენ Adidas x Balenciaga-ს დაბრუნებაზე. აქვე შეგახსენებთ, რომ 5 მარტს, დემნამ ბალენსიაგას 2023 წლის ზამთრის კოლექცია პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა, თებერვალში კი, ამერიკულმა Vogue-მა ქართველ დიზაინერთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, დემნას ინტერვიუს აქვეყნებს ფრანგული გამოცემა M le magazine du Monde-იც, რომლის ახალი ნომრის გარეკანზე ქართველი დიზაინერს ვხედავთ. ეს ყველაფერი კი, დემნას და ბალენსიაგას „ჩუმ“ დაბრუნებაზე მიგვანიშნებს.