
5 მარტის კვირა დილით, პარიზში, ბალენსიაგას ჩვენებაზე, რომლის ლოკაციაც შოუს დასრულებამდე საჯაროდ არ გავრცელებულა, დაცვის მაქსიმალური მობილიზება შეინიშნებოდა. დაცვის წევრები განლაგებული იყვნენ პარიზის ცნობილი სავაჭრო ცენტრის, Carrousel du Louvre-ის როგორც ცენტრალურ შესასვლელთან, აგრეთვე მთავარ დერეფნებში და რა თქმა უნდა, ქვედა სართულზეც, სადაც ქართველი დიზაინერი დემნა, გლობალური სკანდალის შემდეგ, „ბალენსიაგას“ პირველი კოლექციის ჩვენებას მართავდა. „დეკემბერში, როდესაც ძალიან გამიჭირდა, პიველ რიგში, ფსიქოლოგიურად – მყავდა პირადი დაცვა, ვიღებდი სიკვდილის მუქარებს – ვერ გამოვხატავდი საკუთარ თავს, რეალურად არ შემეძლო არაფრის თქმა… ძალიან მიჭირდა, უბრალოდ ვფიქრობდი, ანუ ახლა ეს არის ჩემი ცხოვრება?“ იხსენებს დემნა ალექსანდრ ფიურისთან ინტერვიუში. ფიური ქართველ დიზაინერს ბალენსიაგას ჩვენებამდე ერთი დღით ადრე, ბალენსიაგას ატელიეში შეხვდა, სადაც დემნამ მასთან ერთად საერთაშორისო პრესის სხვა ჟურნალისტებსაც უმასპინძლა და ახალი კოლექცია პირადად წარუდგინა. „იშვიათობაა, როდესაც ჩვენებამდე ერთი დღით ადრე გიწვევენ კოლექციის სანახავად,“ წერს ფიური.



გასული წლის ნოემბერში, როდესაც „ბალენსიაგას“ Gift Shop-ის ხაზის სარეკლამო კამპანიამ გლობალური სკანდალი გამოიწვია და „ბალენსიაგა“, ისევე, როგორც მისი ქართველი კრეატიული დირექტორი დემნა საერთაშორისო პრესისა და სოციალური ქსელების ყველაზე განხილვად თემად უარყოფით ჭრილში იქცა, გასაგები იყო, რომ მომავალი სეზონები, ფრანგული მოდის ბრენდში აღარაფერი არ იქნებოდა ისე, როგორც მანამდე.
„ერთი რამ, რაც დემნაზე შეიძლება ითქვას, მიუხედავად ყველა იმ ველური კონცეფციისა, რომელიც მან ბალენსიაგაში წარმოადგინა, არის ის რომ მისი შექმნილი სამოსი სათქმელს თავადაც ყოველთვის ამბობდა. მისი პირველი კოლექცია ბალენსიაგასთვის, რომელიც მოიცავდა უტილიტარული ქურთუკების ხაზს და დახვეწილ „თეილორინგს“, ჩემი საყვარელი ნამუშევარია. დემნას სწორედ ფუნქციური ლუქსის შექმნისადმი მისწრაფება და ტექნიკური უნარები გამოარჩევს. დღეს მან დააბრუნა თავისი ადრეული კოლექციების უბრალოება და სიმარტივე.“ აღნიშნავს ემა დევიდსონი, ჟურნალ Dazed-ის ჟურნალისტი.



დაბრუნება დემნას, როგორც დიზაინერის ფესვებთან Balenciaga-ს 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენების მთავარი განაცხადი იყო. ის ქართველმა დიზაინერმა სამ ნაწილად წარმოგვიდგინა. პირველ ნაწილში ვიხილეთ აქცენტი „თეილორინგზე“: შავ და ნაცრისფერ ფერებში წარმოდგენილი კოსტიუმები, განიერი მხრები, ექსპერიმენტული ჭრები, რომელიც დიზაინში ქართველი დიზაინერის ხელწერის განუყოფელი ნაწილია. მეორე ნაწილი დაეთმო ფორმებსა და სილუეტებს, ხოლო მესამე – საღამოს კაბებს, რომელიც დემნას მოდის ლექსიკაში მნიშვნელოვან როლს არასდროს თამაშობდა. ეს ახალი ტერიტორიაა, რომელიც ქართველ დიზაინერს ჯერ კიდევ აღმოსაჩენი აქვს.
ჩვენების ჩანაწერი სრულად: