ტრადიციულად, წლის ბოლოს გთავაზობთ გასული თვეების გახმაურებულ მომენტებს, რომლებიც ვირუსულად მოედო პრესასა და სოციალური ქსელებს.
მომენტები, რომლებმაც განმსაზღვრელი როლი ითამაშეს 2023 წელს. Gucci-ს რებრენდინგიდან Louis Vuitton -ში ფარელ უილიამსის დებიუტამდე, ამ სტატიაში ვიხსენებთ წლის 10 ყველაზე გახმაურებულ Fashion მომენტს:
Gucci Ancora: ალესანდრო მიკელეს შემდეგ, Gucci-ს კრეატიული დირექტორის პოზიცია საბატო დე სარნომ დაიკავა. იტალიური მოდის ისტორიაში ახალი თავი სექტემბერში, საბატოს სადებიუტო კოლექციით გაიხსნა. ეს გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი მოვლენა იყო, რომელმაც საკმაოდ მინიმალისტურად ჩაიარა. საბატომ გუჩის ახალი იდენტობის შენების პროცესში, პირველ ვიზუალურ ნიშნად ბორდოსფერი შეარჩია. გუჩის სარეკლამო ბილბორდები, სოციალური ქსელები, პოდიუმი და აქსესუარების დიდი ნაწილი ბორდოსფრად გაფორმდა და ახალი ერაც დაიწყო.
Tom Ford ტომ ფორდის გარეშე: ესტე ლაუდერთან 2.8 მილიარდ დოლარად შეფასებული გარიგების შემდეგ, ტომ ფორდმა თავისი შემცვლელი დაასახელა და 35 წლიანი კარიერის შემდეგ, მოდის ინდუსტრიას დაემშვიდობა. პიტერ ჰოკინგსი, ფორდის მარჯვენა ხელი 25 წლის განმავლობაში, აგრძელებს ლეგენდარული ამერიკელი დიზაინერის მემკვიდრეობასა და ბრენდ Tom Ford-ის ისტორიას. 2023 წლის სექტემბერში, ტომ ფორდის პირველი შოუს მომსწრე გავხდით, ტომ ფორდის გარეშე.
Schiaparelli-ის ცხოველების სკულპტურები: როდესაც 2023 წლის ვირუსულად გავრცელებულ მომენტებზე ვწერთ, რა თქმა უნდა, ვერ გამოვტოვებთ სკიაპარელის ოტ-კუტიურ ჩვენებას, რომელიც წლის დასაწყისში, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე გაიმართა. დიზაინერმა დენიელ როუზბერიმ ცხოველების რეალისტური სკულპტურები შექმნა, რომლებიც პოდიუმზე მოდელებმა ნაომი ქემბელმა, შალომ ჰარლოუმ და ირინა შეიკმა წარადგინეს. შოუს დიდი ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
რიანას Super Bowl-ის შოუ: იქიდან გამომდინარე, რომ რიანა სცენაზე დაახლოებით შვიდი წელია არ გამოჩენილა, ამ მოვლენას ყველა განსაკუთრებით ელოდა. მომღერალი და თანამედროვე მოდის აიქონი Super Bowl Halftime Show-ს შოუზე ლუევესა და ალაიას წითელი კოსტიუმით გამოჩნდა. რიანამ წითელ მონოქრომულ ლუქს მან MM6 Maison Margiela x Salomon-ის სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა და 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოდური მომენტიც შექმნა.
ბიონსეს Renaissance World Tour-ის გარდერობი: 100-ზე მეტი დიზაინერული ბრენდი და კოსტიუმი, ბიონსეს მსოფლიო ტურნეს ყოველი კონცერტი მოდის დღესასწაული იყო, რომელსაც 5 თვის განმავლობაში, მსოფლიო ინტერესითა და აღფრთოვანებით ადევნებდა თვალს. ტურნეს განმავლობაში, ბიონსემ 3 ქართველი დიზაინერის კოსტიუმიც მოირგო, ესენია: დავით კომახიძე, ირაკლი რუსაძე და დემნა.
90-იანი წლების სუპერმოდელების გაერთიანება: ლინდა, ნაომი, კრისტი, სინდი! სუპერმოდელები Vogue-ს სექტემბრის ყდაზე დაბრუნდნენ. Apple TV+-ის დოკუმენტური ფილმის, “The Super Models”-ის გამოსვლასთან ერთად, 90-იანი წლების ლეგენდარული მოდელები კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ დიდი პროექტებისთვის. ყველაზე გახმაურებული კი, რა თქმა უნდა, Vogue -ის ამერიკული და ბრიტანული გამოცემების სექტემბრის ნომრები და Vogue World-ის ღონისძიება იყო.
Phoebe Philo დაბრუნდა: თითქმის სამწლიანი ლოდინის შემდეგ, ფიბი ფაილოს ბრენდის დებიუტი შედგა – 30 ოქტომბერს, ექსკლუზიურად Phoebephilo.com -ზე, ფიბი ფაილოს ბრენდის სადებიუტო კოლექცია გაყიდვაში ჩაეშვა. ინტელექტუალური და მინიმალისტური მოდის მოყვარულებს ფიბის ნამუშევრები განსაკუთრებით აღაფრთოვანებთ. ფაილოს მოდა არ არის უბრალოდ ტრენდი ან მომენტი, ის მარადიულია, ამიტომ გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ ფიბის სადებიუტო კოლექცია, გაყიდვაში გამოსვლიდან პირველი 6 საათში, თითქმის სრულად გაიყიდა.
მარგო რობის Barbie-ს პრეს-ტურის გარდერობი: გრეტა გერვიგის გახმაურებული კინო ნამუშევრის, Barbie-ის საჯარო პრემიერა 21 ივლისს შედგა და კინოგაქირავების რეკორდები მოხსნა. პრემიერიდან ერთი თვის თავზე, გლობალური კინოგაქირავებით მიღებულმა შემოსავალმა 1.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კომერციული მოგების კრიტერიუმით, Barbie 2023 წლის ყველაზე წარმატებულ კინო პროექტად იქცა. Versace, Moschino, Emilio Pucci, Schiaparelli, Prada – ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც “ბარბის” მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა, მარგო რობიმ ფილმის პრეს-ტურსა და პრემიერებზე მოირგო. რობის ყოველი გამოჩენა ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდებოდა და დასამახსოვრებელ მოდურ მომენტებს ქმნიდა.
სარა ბარტონის ფინალური შოუ Alexander McQueen-ში: 26 წლის შემდეგ, ბრიტანელმა დიზაინერმა Kering-ის მფლობელობაში არსებული ბრენდი დატოვა. ბარტონი ლი მაკქუინის დაარსებულ მოდის სახლს პირველად, როგორც ინტერნი 1996 წელს შეურთდა. მოგვიანებით, როდესაც Central Saint Martins-ში სწავლა დაასრულა, ბრენდში ისევ დაბრუნდა და 2000 წელს ქალის სამოსის დიზაინის ხელმძღვანელი გახდა. ის წლების განმავლობაში მაკქუინთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, 2010 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ კი, Alexander McQueen-ის კრეატიული დირექტორის პოზიცია დაიკავა. განსაკუთრებული ერა 2023 წლის სექტემბერში ემოციურ ნოტაზე დასრულდა.
და ბოლოს, რა თქმა უნდა გვერდს ვერ ავუვლით მოდისა და პოპ-კულტურის გახმაურებულ მოვლენას, რომელიც არის ფარელ უილიამსის Louis Vuitton. მოდის უდიდესი “ლაქშერი” ბრენდის ახალი ერა ფარელმა მოსალოდნელი ხმაურით დაიწყო – ფარელის სადებიუტო ჩვენებას, ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუაში, ესწრებოდნენ: ბიონსე, ჯეი ზი, ზენდეია, რიანა და სხვა ცნობილი ვარსკვლავები. ჩვენება პარიზის უძველეს ხიდზე, დედაქალაქის გულში გაიმართა, რომელიც ლუი ვიტონის სათავო ოფისის მიმდებარედაა. ჩვენების ნახვებმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ჯამში, ყველა პლატფორმაზე, ფარელის დებიუტს მილიარდზე მეტი ნახვა ჰქონდა.