„გუჩის“ და ალესანდრო მიკელეს ისტორიის მოულოდნელი ფინალით დაწყებული, „ესტე ლაუდერის“ და ტომ ფორდის მსხვილი გარიგებით დასრულებული,  წელს მოდა შოკური სიახლეების ნაკლებობას ნადვილად არ განიცდიდა.  2022 წელს, ინდუსტრია საბოლოოდ დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზა, რომელმაც თითქმის ორი წელი გასტანა, დასრულდა და მოდის ბიზნესმაც ტრადიციული ხმაურით განაგრძო ფუნქციონირება.

გავიხსენოთ მიმდინარე წლის 10 გახმაურებული სიახლე:

1/10 – ალესანდრო მიკელემ Gucci-ის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

გასული ათწლეულის ყველაზე წარმატებული მოდური მოვლენა მხოლოდ 7 წელში დასრულდა. ეს რა თქმა უნდა არის სიახლე, რომელსაც პანდემიამდელ მოდის ინდუსტრიაში ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა პანდემიის შემდეგ, როგორც ყველა სხვა სფეროში, მოდაშიც ბევრი რამ შეიცვალა. გუჩის გაყიდვების ჯერ კლებამ, ხოლო შემდგომ, ნელი ტემპით დასტაბილურებამ, ბრენდის მფლობელებს დიზაინ ესთეტიკის ცვლილება გადააწყვეტინა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრენდის მფლობელებმა მიკელეს დიზაინის ცვლილების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა Gucci-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ამ წინადადებას თანხმობით არ შეხვდა.

2/10 – Estée Lauder ტომ ფორდის ბრენდის ახალი მფლობელია

ამერიკელმა დიზაინერმა თავისი სახელობის ბრენდი, TOM FORD წამყვან კოსმეტიკურ კონგლომერატს, ესტე ლაუდერს 2.8 მილიარდ დოლარად მიჰყიდა. ეს არის Estée Lauder-ის კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგება. ამასთან ერთად, მათი პირველი ნაბიჯი ტანისამოსისა და აქსესუარების ბიზნესში. გარიგების შედეგად, ფორდი ოფიციალურად შეუერთდა მილიარდერების რიგებს.

Tom Ford

3/10 – რაფ სიმონსი საკუთარ ბრენდს ხურავს

დაარსებიდან 27 წლის შემდეგ, რაფ სიმონსის ბრენდი არსებობას წყვეტს. გასული სამი დეკადის განმავლობაში, ბელგიელმა დიზაინერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე მოდის ჩამოყალიბებაში. “სიტყვები არ მყოფნის, რათა გაგიზიაროთ თუ რამდენად ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ. მადლიერი ვარ ჩემი გუნდის წევრების, პარტნიორების, პრესის, ბაიერების, ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრების და ფანების მხრიდან გამოხატული წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის. ყველას მადლობას გიხდით, რომ ჩვენი ხედვის და ჩემი გჯეროდათ,” – ამ სიტყვებით რაფ სიმონსმა საკუთარი ბრენდის 27 წლიანი ისტორია ოფიციალურად დაასრულა.

4/10 დენიელ ლი Burberry-ის ახალი შემოქმედებითი დირექტორია

ოქტომბერში, დენიელ ლი Burberry-ის შემოქმედებით დირექტორად დასახელდა. მან ხსენებულ პოზიციაზე იტალიელი დიზაინერი რიკარდო ტიში შეცვალა. “ბარბერი არის ბრენდი, რომლის შესახებ დიდ ბრიტანეთში ყველამ იცის. ეს მართლაც არის ბრიტანელობის სიმბოლო.” – ამბობს ლი ახალ ინტერვიუში. უკვე ცნობილია, რომ დენიელის სადებიუტო კოლექციის ჩვენება ლონდონის მოდის კვირეულზე, 2023 წლის 20 თებერვალს გაიმართება.

5/10 – ტიერი მუგლერი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი 2022 წლის 23 იანვარს გარდაიცვალა. გარდა მოდის დიზაინერობისა, მუგლერის რეზიუმე ფოტოგრაფობას და რეჟისორობასაც მოიცავდა. სწორედ ის იყო პასუხისმგებელი ჯორჯ მაიკლის 1992 წელს გამოსული ‘Too Funky-ის’ ვიდეო კლიპის შექმნაზე. კოსტუმებს ქმნიდა თეტრალური წარმოდგენებისთვისაც, მათ შორის არის ფრანგული კომედიის თეატრში დადგმული შექსპირის მაკბეტი. ტიერი  შოუმენი დიზაინერების პიონერად ითვლება, მისმა შემოქმედებამ გზა გაუკვალა ისეთ სახეებს, როგორებიც არიან ჯონ გალიანო, ალექსანდრ მაკქუინი და რიკარდო ტიში.

6/10 – Off-White-ში ვირჯილ აბლო იბრაჰიმ ქამარამ შეცვალა

ვირჯილ აბლოს გარდაცვალების შემდეგ, Off-White-ში არტ დირექტორის თანამდებობა იბრაჰიმ ქამარამ დაიკავა. იბრაჰიმი გავლენიანი ბრიტანელი სტილისტია. “ვირჯილი მუდამ ჩვენთან იქნება. ჩემთან. მან მსოფლიო შეცვალა და წარუშლელი კვალი დატოვა ყველაზე, ვისთანაც შეხება ჰქონია და არამარტო,” – თქვა იბრაჰიმმა. “პატივია Off-White-თან არტ და იმიჯ დირექტორის როლში ჩემი კავშირის გაღრმავება და იმ გუნდის ნაწილად ყოფნა, რომელიც იმ ისტორიის თხრობას გააგრძელებს, რომლის წერაც ყოველი ჩვენგანისთვის ვირჯილმა დაიწყო.”

7/10 – მაქსიმილიან დავისი Ferragamo-ს გარდაქმნის რთულ მისიას ჩაუდგა სათავეში

მარტში, Ferragamo-მ ახალი შემოქმედებითი დირექტორი დაასახელა – 27 წლის მაქსიმილიან დავისი გასულ ათწლეულში პირველი ფერადკანიანი დიზაინერი გახდა, ვინც ისტორიული იტალიური მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. ლონდონის მოდის კოლეჯის კურსდამთავრებული ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში LVMH Prize-ის კონკურსში მონაწილეობის შემდეგ მოექცა. “თავიდან არ ვიცოდი რისი მოლოდინი უნდა მქონოდა, მაგრამ როგორც კი ბრენდში მოვედი, მხარდაჭერა ვიგრძენი. გუნდი, ოჯახი, ყველა აღელვებულია ახალი მიმართულებით, ვფიქრობ, ახალ დასაწყისს ყველა ძალიან ელოდა,” აღნიშნა დიზაინერმა. ახალი დასაწყისი ბრენდში ლოგოს ცვლილებითაც დაიწყო. ამგვარად Salvatore Ferragamo გახდა – “Ferragamo”.

მაქსიმილიან დავისი/ ფოტოგრაფი: LEE WHITTAKER

8/10 – ადიდასის და ქანიე ვესტის მრავალმილიარდიანი თანამშრომლობა დასრულდა

Yeezy x Adidas გასული ათწლეულის გლობალური მოვლენა იყო, რომელმაც მხოლოდ 7 წელში თანამედროვე მოდის ინდუსტრიას, განსაკუთრებით კი, სპორტული ფეხსაცმლის ბიზნესს, წარუშლელი კვალი დაატყო. გავლენიანი ბიზნეს გამოცემის, „ფორბსის“ ინფორმაციით, კოლაბორაციის დასრულების შემდეგ, ქანიე ვესტმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა, ადიდასში კი, სულ მცირე 300 მილიონიან ზარალს ელიან.  ადიდასის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რეპერის წინააღმდეგობრივი და საკამათო ქმედებები. მათ შორის ანტი-სემიტური რიტორიკა, რომელმაც გერმანულ კომპანიაზე წნეხი შესამჩნევად გაზარდა.  

ქანიე ვესტი / Adidas

9/10 – ლინდა ევანგელისტა პოდიუმს დაუბრუნდა

Fendi-ს საკულტო აქსესუარის, „ბაგეტისადმი“ მიძღვნილ საიუბილეო შოუზე ლეგენდარული მოდელი 15 წლის შემდეგ, პირველად, პოდიუმზე გამოჩნდა. ლინდას გამოჩენას განსაკუთრებით ემოციურს ხდიდა სუპერმოდელის მტკივნეული აღიარება. “ჩემს გამომწერებს, რომლებსაც გაინტერესებდათ, თუ რატო არ ვმუშაობდი მე, მაშინ, როდესაც ჩემი თანატოლების კარიერა ყვაოდა, მიზეზი ისაა, რომ საშინლად დამამახინჯეს,” როგორც სუპერმოდელმა აღნიშნა, მან ცხიმის მოშორების მიზნით კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა, თუმცა დაპირებული კარგი შედეგის ნაცვლად, დაგროვილი ცხიმების რაოდენობა გამრავლდა და სხეულმა დეფორმაცია დაიწყო. სხეულის დეფორმაციის შემდეგ, ლინდას მძიმე დეპრესია განუვითარდა და საჯარო ცხოვრებისგან დისტანცირდა. სწორედ ამიტომ ის წლების განმავლობაში არ ჩნდებოდა მოდურ ღონისძიებებზე.

ლინდა ევანგელისტა Fendi-ის ჩვენებაზე. (c) Associated Press

10/10 – უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის გამო, მოდის უდიდესმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარი დატოვეს.

24 თებერვლის შემდეგ, LVMH-მა, რომელიც ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Dior, Louis Vuitton, Givenchy, Celine, ჯამში, 124 რუსული მაღაზია დახურა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს სხვა დიდმა კომპანიებმაც, მათ შორისაა Kering, კონგლომერატი, რომლის შემადგენლობაშია: Gucci, Yves Saint Lauret და Balenciaga. რუსეთში მაღაზიების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს შანელმაც, რომელიც რუსულ ბაზარზე საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი ბრენდია, ერმესმა, პრადამ და რა თქმა უნდა სპორტულმა გიგანტებმა, როგორებიცაა: Adidas და Nike.

მარცხნიდან: Balenciaga შემოდგომა/ზამთარი 2022, Isabel Marant პოდიუმზე, ქუჩის სტილი მოდის კვირეულზე.