ფრანგული მოდის სახლის ფინანსების განყოფილების ხელმძღვანელმა გასული თვეები შეაჯამა. Philippe Blondiaux-ის ახალი ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ შანელის კომერციული წარმატება მოლოდინს აჭარბებს. 2021 წელს, ბრენდის შემოსავალმა 15.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც პანდემიამდელ შედეგს 23%-ით აღემატება.


ჩინეთში კორონავირუსის შედეგად გამოცხადებული ლოქდაუნის და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მიუხედავად, ფრანგულ ბრენდში დარწმუნებულები არიან, რომ 2022 წელს შანელის ბიზნესი ზრდას განაგრძობს.


აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, შანელის ფასების პოლიტიკამ მოდის ინდუსტრია აალაპარაკა. პირველად ფასებმა საგრძნობლად 2020 წლის მაისში მოიმატა –  “11.12”-ის, “2.55”-ის, “Boy”-ის, “Gabrielle”-ისა და “Chanel 19”-ის ღირებულება 5-დან 17%-მდე გაიზარდა. ხუთი თვის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში, კვლავ – 5%-ით, მესამედ კი მიმდინარე წლის ივლისში. დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ 2022 წლისთვის შანელის ჩანთებზე ფასები კიდევ იზრდება, გასულ 2 წელში – მეხუთედ!


როგორც ირკვევა, ფასების მატებამ შანელის მომხმარებელზე გავლენა არ იქონია, პირიქით, ბრენდის ჩანთებზე მოთხოვნა გაზრდილია. ამასთან ერთად, ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საათების და სამკაულების ხაზი.


მზარდი გაყიდვების ფონზე, ფრანგული მოდის სახლი კიდევ ერთ სიახლეს აანონსებს. 2023 წლის ბოლოდან, შანელი ტოპ კლიენტებისთვის, მათთვის ვინც ყველაზე ბევრს ხარჯავს ბრენდის კოლექციებში, კერძო მაღაზიებს გახსნის.

ექსპერიმენტული მაღაზიები პირველად აზიის დიდ ქალაქებში გაიხსნება.