2015 წლის 28 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეკადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინერი, ალბერ ელბაზი, ფრანგულ მოდის სახლს, Lanvin – ს ტოვებდა. ელბაზი ლანვინის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას 14 წლის განმავლობაში იკავებდა. ალბერის და ლანვინის თანამშრომლობის შეწყეტა არ ყოფილა მორიგი დატრიალებული კარუსელი მაღალი მოდის ინდუსტრიაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული განშორების ისტორიაა მოდის თანამედროვე ისტორიაში. სწორედ ამიტომ, იმ დღიდან, როდესაც ლანვინის მფლობელების გადაწყეტილება გახდა ცნობილი, მოდის ინდუსტრია ალბერ ელბაზის მორიგ ნაბიჯს დიდი ინტერესით ელოდა.

მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, ალბერის და სხვა დიდი ბრენდის შესაძლო თანამშრომლობაზე, დიზაინერმა აღიარებულ მოდის სახლებს თავი აარიდა და განსხვავებული, ნაკლებად ხმაურიანი პროექტით დაბრუნდა. სიახლე პირველად გასული წლის ოქტომბერში გაჟღერდა. AZ Factory – სწორედ ამ სახელწოდებით ელბაზმა საკუთარი „ოცნების ქარხანა“ Richemont -თან თანამშრომლობით შექმნა. Richemont შვეიცარიაში დაფუძნებული კონგლომერატია, რომელიც რამდენიმე ცნობილ ბრენდს ფლობს, მათ შორის: Azzedine Alaïa -ს, Cartier – ს და Chloé – ს.
ამ დრომდე უცნობი იყო სად და როდის შედგებოდა ალბერის ახალი პროექტის დებიუტი, თუმცა ახლა უკვე შეგვიძლია დაზუსტებით დავწეროთ, რომ გასულ 5 წელში, ალბერ ელბაზის პირველ კოლექციას პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე ვიხილავთ. პარიზში მოდის კვირეული 2021 წლის 25-28 იანვარს გაიმართება.

ალბერთან ერთად, პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულს, კიდევ ორი ახალი წევრი ეყოლება: ფრანგი დიზაინერი Charles Vilmorin და ამერიკელი არტისტი Sterling Ruby. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, პარიზში, თავს იკავებენ მოდის კვირეულის ფორმატზე საუბრისგან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დადასტურებული ინფორმაცია მომავალი წლის დასაწყისში გვეცოდინება.