2015 წლის 28 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეკადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინერი, ალბერ ელბაზი, ლანვინს ტოვებდა. ეს არ იყო ტიპური შემთხვევა, როდესაც დიზაინერი და მოდის სახლი თანამშრომლობას წყვეტენ, რადგან ელბაზი ლანვინის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას 14 წლის განმავლობაში იკავებდა. ალბერის ბრენდიდან წამოსვლით მოდაში გარკვეული თავი დაიხურა. ამ წლების განმავლობაში ელბაზმა მოახერხა და ყველასგან მივიწყებულ მოდის სახლს რელევანტურობა დაუბრუნა და ნებისმიერი ქალისთვის “Go To” ბრენდად აქცია. ქალები, რომლებიც ალბერის ლანვინს ატარებდნენ ამბობდნენ, რომ ისინი მამაკაცებს უყვარდებოდათ და სამოსი თავს დაცულად აგრძნობინებდა.
ყველაფერი 2001 წელს დაიწყო, როდესაც ტაივანელმა ბიზნესვუმენმა, შაუ-ლენ ვენგმა, ლანვინის მამაკაცისა და პარფიუმერიის ხაზები შეიძინა ლორეალისგან და მალევე ბრენდის ყველა ხაზზე მოიპოვა კონტროლი. სწორედ ვენგმა მიიწვია ბრენდში ალბერ ელბაზი, რომელიც იმ დროისთვის სან ლორანის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციიდან გათავისფულებული იყო. ელბაზს სან ლორანი 3 სეზონის შემდეგ დაატოვებინეს, როდესაც ბრენდი გუჩი გრუპმა (თანამედროვე “Kering”) შეიძინა. პირველი, რაც ვენგმა ელბაზს უთხრა იყო: “მძინარე მზეთუნახავის გაღვიძების დროა”.
მივიწყვებული ბრენდების მოდაში დაბრუნების მცდელობას ყოველთვის თან ახლავს წარუმატებლობის რისკი, მიუხედავად ამისა არაერთი მაგალითი გვინახავს, როდესაც დიზაინერმა შეძლო ასეთ ბრენდში ფურორის მოხდენა და მოდის “თამაშის” შეცვლა. როდესაც მსგავს მომენტებს ვიხსენებ, ყოველთვის ტომ ფორდისა და გუჩის, ნიკოლა ჟესკიერისა და ბალენსიაგას შემთხვევები მახსენდება, რომლებმაც არამხოლოდ რელევანტურობა დაუბრუნეს ბრენდს, არამედ მოდაზე სერიოზული გავლენა იქონიეს. ასეთივე შემთხვევა იყო ალბერისა და ლანვინის “ქორწინება”, რომელმაც 14 წელს გასტანა.
ალბერის მოსვლის შემდეგ ბრენდის გაყიდვებმა ზრდა დაიწყო. როგორც ლანვინის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი იხსენებს, ხალხი ერთამენთს ეჩხუებებოდა ბრენდის კოლექციების საკუთარ მაღაზიებში შესატანად. მიუხედავად მზარდი გაყიდვებისა, ლანვინში პრობლემები მაინც იყო, რაც ძირითადად ბრენდის სტრატეგიაზე უთანხმოებას უკავშირდებოდა. ეს უკანასკნელი მალევე აისახა ბრენდზეც, როდესაც გაყიდვებმა გაორმაგების ნაცვლად კლება დაიწყო.
მალევე უთანხმოება ელბაზსა და ვენგს შორისაც დაიწყო, რაც, საბოლოოდ, 2015 წელს დიზაინერის გათავისუფლებით დასრულდა. თუმცა ელბაზისა და ლანვინის ისტორია აქ არ სრულდება. ბრენდის დატოვების შემდეგ, ალბერმა ბრენდს შესაფერისი ბიზნეს სტრატეგიის პოვნა უსურვა, რომელიც პროგრესში დაეხმარებოდა. 6 ნოემბერს, ვენგმა და ლანვინის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებს წერილი გაუგზავნეს, სადაც ელბაზის სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთ მიზეზად “კრეატიული დიზაინის” ნაკლებობა დაასახელეს. წერილში ასევე ეწერა, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი დიზაინის დაბალმა ხარისხმა ითამაშა, მენეჯმენტის მიმართ აგრესიის გამოვლენასთან და ვენგის წინააღმდეგ ბრალდებებთან ერთად.
ალბერმა ბრალდებებს საკუთარი წერილით უპასუხა, სადაც აღნიშნავდა, თუ როგორი შოკირებული იყო მათი საქციელით და ვენგს დაემუქრა, რომ ინტევიუთი ყველაფერს ნათელს მოფენდა, თუ მისი სახელის შეურაცხყოფას განაგრძობდნენ.
ელბაზის ლანვინს გულშემატიკვირების დიდი არმია ჰყავდა, შესაბამისად, ლანვინიდან მისი წასვლა გაყიდვებზე მაშინვე აისახა – ბრენდის გაყიდვები წელიწადში 23%-ით შემცირდა. ლანვინის ფინანსური პრობლემები ახლაც გრძელდება – 5 წელიწადზე ნაკლებში ფრანგული მოდის სახლმა 5 შემოქმედებითი ხელმძღვანელი გამოიცვალა. ბრენდის დატოვება არც ელბაზისთვის იყო მარტივი. დიზაინერი პარსონის დიზაინის სკოლაში გამოსვლისას იხსენებს:
“მას შემდეგ, რაც ლანვინი დავტოვე უდიდესი შრამი მაქვს. პირველი რამდენიმე თვე, პარიზის ქუჩებში დავდიოდი, წვიმდა. არასოდეს ვიცოდი მართლა წვიმდა, თუ ჩემი ცრემლები იყო. თუ ოდესმე საინტერესო სამსახურს ვიშოვი, რომელიც გაღვიძებას მომანდომებს, პარასკევობით შევასწავლი და კვირაში ერთ დღეს საავადმყოფოში ვიმუშავებ. ფორმულა არ არსებობს, მაგრამ ლანვინზე ფიქრი არ მსურს. ხალხი თვლის, რომ მოდა ერთი დიდი წვეულებაა, რომელიც არასოდეს სრულდება. წვეულობა არის, მაგრამ სრულდება. ცხოვრების ციკლი არაერთგვაროვანია. აქ პირადი მანქანის, მდივნის და საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლის გარეშე მოვედი. არის რაღაც ძალიან ექსტრაორდინალური თავისუფლებაში”
ალბერისა და ლანვინის მაგალითი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამხელა ზეწოლის ქვეშ არიან დიზაინერები დღეს. მოდის ინდუსტრია დიდი და შემოსალიანი ბიზნესია, დღეს ბრენდის მფლობელებს არ სურთ ალექსანდერ მაკქუინის მსგავსი დიზაინერები, არამედ კომერციულად მოაზროვნე შემოქმედებითი ხელმძღვანელები, რომლებიც მათ გაყიდვებს გააორმაგებს. ეს კი დიზაინერების შემოქმედებით უნარებს ზღუდავს. როდესაც საქმე ბიზნესს ეხება, ისეთი დიზაინერებიც კი არ არიან დაზღვეულნი ბრენდიდან გათავისუფლებისგან, როგორებიც ალბერ ელბაზი და ნიკოლა ჟესკიერი არიან.