რამდენიმე დღის წინ, ამერიკელმა რეპერმა Lil Nas X-მა ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰიპ ჰოპ შემსრულებელი გლობალურად ყველაზე პოპულარული რეპერების ჩამონათვალს არ მიეკუთვნება, მისმა ახალმა მუსკიკალურმა ვიდეომ დიდი ხმაური და კრიტიკა გამოიწვია. კრიტიკის მიზეზი ვიდეოს სიუჟეტი გახდა. წინააღმდეგობრივი და, რიგ შემთხვევებში, ძალადობრივი სცენები რელიგიური და მითოლოგიური პერსონაჟებითა და თემებით არის შთაგონებული. საზოგადოების ნაწილმა Lil Nas X-ის ახალ მუსიკალურ ვიდეოს სატანიზმისა და ადამიანების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ბრალდებებით უპასუხა.

ვიდეოს გამოსვლიდან მალევე, Lil Nas X-მა კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გაავრცელა – რეპერი სპორტულ ფეხსაცმელს უშვებს, რომელიც ადამიანის სისხლისაგან არის დამზადებული. Satan Shoes – ასე ჰქვია ფეხსაცმლის კოლექციას, რომელზეც რეპერმა კომპანია  MSCHF-თან ერთად იმუშავა.

MSCHF ცნობილია პროდუქტებით, რომლებიც სხვადასხვა ბრენდის მიერ შექმნილი კოლექციების, ან ცალკეული მოდელების აბსურდული ინტერპრეტაციაა. Lil Nas X-თან კოლაბორაციის შემთხვევაში, ფეხსაცმელები Nike Air Max 97s-ის დიზაინის სახეცვლილი ვერსიაა. როგორც ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, MSCHF-ის ექვსმა თანამშრომელმა საკუთარი სისხლი გაიღო, რათა ის სპორტული ფეხსაცმლის ძირში მოეთავსებინათ.

Lil Nas X-ის განცხადებით, ამ კოლექციის ფარგლებში სულ 666 წყვილი ფეხსაცმელი გაიყიდება.

Tags :