ზენდეია ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავია, ვინც CFDA-ისგან Fashion Icon -ის ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს კი თავისთავად მრავლისმთქმელი ფაქტია, როდესაც მოდაში ზენდაიას პოპულარობის ზრდაზე ვლაპარაკობთ. ახალგაზრდა მსახიობის წარმატებული კარიერის სრულყოფაში დიდ როლს სწორედ მისი ვიზუალი და იმიჯი თამაშობს, რაც კარგად გამოჩნდა ახალი კინო ნამუშევრის, Challengers -ის პრეს-ტურზეც.
პირველ რიგში, გეტყვით, რომ რეჟისორ ლუკა გუადანინოს ახალი ფილმი, Challengers 26 აპრილს გამოვა. სიუჟეტი ზენდეიას გმირის, ტაშის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ტენისის პროფესიონალი მოთამაშეა. მას პარტნიორობას ჯოშ ო’კონერი და მაიკ ფეისტი უწევენ. ფილმში ასახულია სამი გმირის წარსული ურთიერთობა, რომელიც სასიყვარულო სამკუთხედიდან პროფესიული დაპირისპირების სახეს იღებს. ამ სტატიაში კი, გთავაზობთ ზენდეიას საუკეთესო ლუქებს Challengers -ის პრეს-ტურიდან.
Challengers-ის პრეს-ტურზე ზენდეიამ კვლავ სტილისტ ლო როუჩთან ითანამშრომლა. როუჩისა და ზენდეიას თანამრომლობა უკვე 10 წელზე მეტს ითვლის. სწორედ ლო გახლავთ ახალგაზრდა ვარსკვლავის „იმიჯის არქიტექტორი“.