კინოინდუსტრია მაყურებელს ყოველ წელს უამრავ ახალ ნამუშევარს სთავაზობს, თუმცა დაანონსებული ფილმები ყოველთვის განსხვავდება თავისი მასშტაბებით, სამსახიობო შემადგენლობით, თუ სიუჟეტით. ზოგიერთ ფილმს მაყურებელი მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებით ელოდება. ამ დრომდე 2024 წლის ყველაზე დიდი კინო მოვლენის სტატუსს ჯერჯერობით Dune: Part Two ფლობს, რომელიც მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე პირველი მარტიდან გამოჩნდა. გთავაზობთ რამდენიმე ფილმს, რომლების პრემიერასაც მაყურებელი ყველაზე მეტად ელოდება:
Challengers (26 აპრილი)
რეჟისორ ლუკა გუადანინოს ახალი ფილმი, სახელწოდებით Challengers 26 აპრილს გამოვა. სიუჟეტი ზენდეიას გმირის, ტაშის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ტენისის პროფესიონალი მოთამაშეა. მას პარტნიორობას ჯოშ ო’კონერი და მაიკ ფეისტი უწევენ. ფილმში ასახულია სამი გმირის წარსული ურთიერთობა, რომელიც სასიყვარულო სამკუთხედიდან პროფესიული დაპირისპირების სახეს იღებს. ფილმისათვის ზენდეია ტენისის თამაშში ვარჯიშობდა. Მას მენტორობას ჩოგბურთის ცნობილი მწვრთნელი, ბრედ გილბერტი უწევდა.
Back to Black (10 მაისი)
Back To Black გარდაცვლილი მომღერლის, ემი უაინჰაუსის შესახებ დაანონსებული ბიოგრაფიული ფილმია, რომელშიც მთავარ როლს მარისა აბელა ასრულება. რეჟისორ სემ ტეილორ-ჯონსონის ნამუშევარი მომღერლის რთულ ცხოვრებას და შემოქმედებით მოღვაწეობაზე უყვება მაყურებელს. Back to Black-ის პრემიერა 10 მაისს იგეგმება.
Furiosa: A Mad Max Saga (24 მაისი)
Furiosa: A Mad Max Saga რეჟისორ ჯორჯს მილერის Mad Max-ის ფრენჩაიზის გაგრძელებაა. ფილმში მთავარ როლს ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს, რომელიც ახალგაზრდა იმპერატორ ფურიოსას განასახიერებს. ფილმი მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 24 მაისს გამოვა. ცნობილია ისიც, რომ კინოსურათის მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება.
joker: Folie a Deux (4 ოქტომბერი)
მას შემდეგ, რაც 2019 წელს ხოაკინ ფენიქსმა ჯოკერი განასახიერა და როლისათვის ოსკარიც მიიღო, ფილმის მეორე ნაწილი დაანონსდა. ფენიქსს სამსახიობო პარტნიორობას ლედი გაგა გაუწევს და ჰარლი ქვინის როლს შეასრულებს. ტოდ ფილიპსის სარეჟისორო ნამუშევარს მაყურებელი 4 ოქტომბრიდან იხილავს.
Wicked Part 1 (27 ნოემბერი)
Wicked ბროდვეის ამავე სახელწოდების ცნობილი მიუზიკლის მხატვრული ეკრანიზაციაა. ფილმის რეჟისორი ჯონ ემ ჩუა, ხოლო მთავარ როლს არიანა გრანდე ასრულებს. პირველი ტრეილერი Super Bowl-ის დროს წარადგინეს, ფილმის პირველი ნაწილის პრემიერა კი 27 ნოემბერს შედგება.
Nosferatu (25 დეკემბერი)
ისტორიული ჰორორების შექმნით ცნობილი რეჟისორო, რობერტ ეგერსი კიდევ ერთ ნამუშევარს წარადგენს. Nosferatu ასე ჰქვია დაანონსებულ ჰორორს, რომელიც 1922 წლის ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმის ახალი ეკრანიზაციაა. ფილმის სიუჟეტი ვამპირების მითის ირგვლივ ტრიალებს. მთავარ როლს ბილ სკარსგარდი ასრულებს. მას პარტნიორობას მოდელი და მსახიობი, ლილი- როუზ დეპი უწევს. Nosferatu-ს მაყურებელი 2024 წლის მიწურულს, 25 დეკემბერს იხილავს.