მოდა თვითგამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი საშუალებაა, ის უტოლდება ხელოვნების ყველა სფეროს, როგორც ისტორიის თხრობისა და პიროვნების გამოხატვის მწვერვალი, თუმცა მოდის ბიზნესის თანამედროვე ტენდენციებმა და კომერციაზე ორიენტირებულმა მიდგომამ შექმნა რეალობა, როცა ზოგჯერ უბრალოდ გვავიწყდება, რომ მოდას შეუძლია იყოს უფრო მეტი, ვიდრე ქსოვილი, ან პიროვნების ესთეტიკური გემოვნების გამოვლინება.

„კონკიას სიკვდილი“ – ასე ჰქვია ბრენდ DZHABA-ს ახალი კოლექციის ჩვენებას, რომელიც თეატრალურ ფორმატში გაიმართა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პროექტი ქართულ კულტურულ სივრცეში საინტერესო და გარკვეულწილად პრეცედენტულ მოვლენას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ამ პროექტით,  ახალგაზრდა დიზაინერი, ჯაბა ქურთიშვილი გვაჩვენებს მოდას, როგორც თვითგამოხატვისა და ისტორიის თხრობის საშუალებას, ის ასევე ქმნის უნიკალურ კავშირს მოდასა და თეატრს შორის.

“კონკიას სიკვდილი ჩემთვის არასოდეს ყოფილა უბრალოდ მოდის კოლექცია. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ნამუშევარი, სადაც მოდა და თეატრი ერთმანეთს ისე შეხვდებოდნენ, რომ მათ შორის არსებული საზღვარი სრულიად გაქრებოდა.” – აღნიშნავს ჯაბა ჩვენთან დიალოგში. 

The Death of Cinderella-ს საპრემიერო ჩვენებები თბილისში, თეატრ სახელოსნო 42-ის სცენაზე, 4, 6 და 8 ივლისს მოეწყო. წარმოდგენის მსვლელობისას, მაყურებელმა 19 კოსტიუმი იხილა – “ოტ-კუტიურ” კოლექცია ჯაბა ქურთიშვილისგან, თუმცა ეს მართლაც არ არის უბრალოდ თეატრის სცენაზე ნაჩვენები ტრადიციული Runway Show. პროექტი  ხუთი ქალის პირად ისტორიას გვიყვება და სრულფასოვან თეატრალურ გამოცდილებას ქმნის, სადაც კოლექცია ნარატივის განუყოფელი ნაწილია, ხოლო კოსტიუმები პერსონაჟების შინაგან სამყაროსა და ემოციურ მდგომარეობას გამოხატავს. ხუთივე ქალს განსხვავებული გამოცდილება, პროფესია, ცხოვრებისეული გამოწვევები და სათქმელი აქვს, რომელზეც ღიად და თამამად საუბრობენ, თუმცა თითოეული მათგანის ხასიათი და ისტორია კოსტიუმშიც ადვილად იკითხება. მაგრამ რატომ კონკია? ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კონცეფციასთან ერთად, საინტერესოა პროექტის სახელწოდებაც.

“პროექტის იდეა ჯერ კიდევ 2018 წელს დაიბადა. მინდოდა შემექმნა კონცეფცია, რომელიც დაანგრევდა დისნეის ანიმაციიდან ყველასთვის ნაცნობ იდეალიზებულ „კონკიას“ მითს და მაყურებლისთვის ეჩვენებინა, რა შეიძლება ხდებოდეს ზღაპრის დასრულების შემდეგ. ყოველთვის მაინტერესებდა არა ბედნიერი დასასრული, არამედ ის, რაც მის მიღმა რჩება – ძალაუფლება, მეხსიერება, დანაკარგი, სიყვარული, ილუზიები და მათი ნგრევა.” – ამბობს ჯაბა. თითოეული პერსონაჟი კონკიას მითთან უხილავი ძაფებით არის დაკავშირებული, თუმცა ყველა განსხვავებულ ისტორიას გვიყვება. ერთისთვის ძალაუფლება გახდა მთავარი ფორმა, მეორესთვის – შინაგანი სიცარიელე, მესამესთვის –  კონტროლის სურვილი, მეოთხესთვის – სიყვარული, რომელიც ნელ-ნელა აკვიატებად იქცევა, მეხუთესთვის კი – თავისუფლება, რომელიც ყველაზე ტრაგიკული გამოცდილების შემდეგ იბადება. 

აღსანიშნავია სამსახიობო შემადგენლობაც. ახალგაზრდა დიზაინერის ხედვას მსახიობები ნინო ბურდული, ბაია დვალიშვილი, ნინო კასრაძე, მანანა კოზაკოვა, ნატა მურვანიძე, ნატო გაგნიძე, თინათინ და ნათია ბუნტური წარადგენენ.  პროექტის პროდიუსერი ბექა მაისურაძეა, დრამატურგი – ქეთევან სამხარაძე, ქორეოგრაფები – გიორგი ტიელიძე და თინათინ წულაძე. რაც შეეხება მოდელებს, სცენაზე ვიხილეთ: ირინკა ჩხენკელი, ანა გავვა, ჩიდერა ოდუქუ, მარიამ კორკოტაძე, სოფო ლიპარტელიანი, თეოშა კუბლაშვილი და ქეთა ლომაძე. შემოქმედებითი გუნდის მიზანი იყო მოდა ექციათ არა მხოლოდ სანახაობად, არამედ ისტორიად, რომელიც მაყურებელს დასრულების შემდეგაც არ ტოვებს, რაც საკმაოდ ამბიციური განაცხადია. მეტიც – როდესაც ორი დამოუკიდებელი ხელოვნების ფორმა, მოდა და თეატრი ერთ სივრცეში ერთიანდება, ყველაზე დიდი გამოწვევა მათ შორის ბალანსის შენარჩუნებაა. არსებობს საფრთხე, რომ ერთმა მეორის მნიშვნელობა დაჩრდილოს და საბოლოოდ, არც სპექტაკლმა იმუშაოს სრულფასოვნად და არც მოდის კოლექციამ შეძლოს საკუთარი სათქმელის გადმოცემა.

“ჩვენ გავიარეთ ნამდვილი ბეწვის ხიდი იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო პირველ რიგში მოდის ჩვენება და არა კლასიკური სპექტაკლი. როგორც კი პერფორმანსი თეატრისკენ იხრებოდა, იმ წამსვე ხდებოდა მისი მოდის რელსებზე დაბრუნება. სწორედ ამ რთული, დაძაბული ბალანსის შედეგად მივიღეთ პროექტი, რომელიც რეალურად სრულიად ახალი და უნიკალური გამოცდილება აღმოჩნდა თითოეული ჩვენგანისთვის.” – ამბობს ჯაბა. 

პრემიერების შემდეგ ნათელი გახდა, რომ პროექტმა შეძლო შეენარჩუნებინა როგორც მოდის ჩვენების, ისე თეატრალური პერფორმანსის დამოუკიდებელი ღირებულება, ისე, რომ არც ერთი კომპონენტი მეორის ჩრდილში არ აღმოჩნდა. სწორედ ამან აქცია „კონკიას სიკვდილი“ წარმატებულ კულტურულ მოვლენად, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მკაფიო კონცეფცია, ხედვა, თამამი შემოქმედებითობა და ზუსტი შესრულება, ამართლებს. “ბეწვის ხიდი”, რომელზეც ჯაბა ქურთიშვილი საუბრობს, შემოქმედებითმა გუნდმა წარმატებით გაიარა.