26 სექტემბერს, თბილისს მსოფლიო მოდის ლეგენდარული ფიგურა, ნაომი კემპბელი ეწვევა. ბრიტანელი სუპერმოდელი არა მხოლოდ მოდის ინდუსტრიის გავლენიან პერსონად, არამედ თანამედროვე პოპ-კულტურისა და სტილის სიმბოლოდ არის აღიარებული. ახლა კი, ნაომი საქართველოს სრულიად განსხვავებული, თუმცა მისთვის უკვე ნაცნობი როლით – DJ-ის ამპლუაში ეწვევა. 

MONO HALL-ისა და Boom Boom Booking Agency-ის ერთობლივი ორგანიზებით, ნაომი კემპბელი მთაწმინდის პარკში, განსაკუთრებულ შოუს გამართავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება საღამო, რომელიც არა მხოლოდ მუსიკალური შოუა, არამედ გლობალური მასშტაბისა და დონის მოვლენა, რომელიც თბილისს, თანამედროვე კულტურის საერთაშორისო რუკაზე კიდევ ერთხელ მონიშნავს. 


მიუხედავად იმისა, რომ ნაომის სახელი, უპირველესად, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ბრენდებს უკავშირდება, ბოლო წლებში, კემპბელმა საკუთარი შემოქმედებითობა და იდენტობა მუსიკაშიც იპოვა, რაც გასაკვირი სულაც არ არის. მუსიკა და ღამის ცხოვრება ნაომის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, DJ-ობისკენ  პირველი ნაბიჯებიც სწორედ ამ გარემოსადმი წლების განმავლობაში დაგროვილი ინტერესიდან დაიწყო – თავდაპირველად პირადი სესიებითა და გაკვეთილებით, სადაც მუსიკის სიყვარული პრაქტიკულ გამოცდილებად გარდაიქმნა.

დღესდღეისობით, ნაომისთვის DJ-ობა მხოლოდ მუსიკის შერჩევა და დაკვრა არ არის – ეს მისი შემოქმედებითი იდენტობის კიდევ ერთი ფორმაა. მის შოუებს განსაკუთრებულ ხასიათს ისიც სძენს, რომ მუსიკა, სტილი და სცენური ენერგია ერთიან გამოცდილებად იქცევა. მისი პერსონის გარშემო არსებული საერთაშორისო ინტერესი კი, თითოეულ გამოსვლას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.  

26 სექტემბერს, ტოკიოს, ლონდონის, ლას-ვეგასისა და სხვა კულტურულ ცენტრებს, სადაც კემპბელი მაყურებლის წინაზე წარდგა, თბილისიც შეუერთდება. ბილეთების საყიდლად ეწვიეთ ლინკს – გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, დასასწრები ბილეთები შეზღუდული რაოდენობით იყიდება.