ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ცნობილი ამერიკული ბრენდი Victoria’s Secret საკულტო შოუთი ბრუნდება. ფრთები, სუპერმოდელები, დრამა და ექსტრავაგანზა – ყველაფერი, რამაც Victoria’s Secret-ის შოუ 2000-იან წლებში გლობალურ ფენომენად აქცია, თუმცა ამას კომპანიის მიერ ნასწავლი გაკვეთილებიც დაემატება.

შოუ ხვალ, 15 ოქტომბერს, ნიუ-იორკში იგეგმება. პირველად, ბრენდის არსებობის ისტორიაში, Victoria’s Secret-ის შოუზე პასუხისმგებლები ქალები იქნებიან. “შოუ უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე აქამდე გინახავთ,” – აღნიშნა WWD-ისთან ინტერვიუში ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ჯენი შაფერმა. სწორედ ჯენის და აღმასრულებელ ვიცე- პრეზიდენტ, სარა სილვესტერს ეკისრებათ პასუხისხმგებლობა Victoria’s Secret-ის 2024 წლის შოუზე.

Victoria’s Secret-ის აღმასრულებლები ღიად საუბრობენ, რომ 15 ოქტომბერს დაგეგმილი შოუ იქნება ისეთი, როგორიც ჯერ არ გვინახავს, თუმცა ბრენდი საიდუმლოდ ინახავს დამატებით დეტალებს. ასე მაგალითად, კვლავ უცნობია, თუ რამდენ სეგმენტად იქნება ჩვენება დაყოფილი, როგორი თემატიკისა და დიზაინის კოსტიუმებს ვიხილავთ შოუზე.

ჯენი შაფერი და სარა სილვესტერი

უცნობია მოდელების სრული შემადგენლობაც. ამდროისათვის დადასტურებულია მხოლოდ 26 მოდელი, მათ შორის არიან Victoria’s Secret-ის ცნობილი ანგელოზები – ტაირა ბენქსი, ქენდის სვანეპული, ბეატი პრინსლო, ტეილორ ჰილი, თანამედროვე სამოდელო ბიზნესის ვარსკვლავები – ჯიჯი ჰადიდი, ანოკ იაი, იმან ჰამამი, ირინა შეიკი და რაც ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, ქართველი ტოპ მოდელი – მატილდა გვარლიანი.

შოუს მუსიკალურად სამი განსხვავებული ჟანრის არტისტი გააფორმებს. დადასტურებული ინფორმაციით, Victoria’s Secret-ის 2024 წლის ჩვენების პერფორმერები იქნებიან: კეი-პოპ სენსაცია – Lisa, სამხრეთ აფრიკელი ვარსკვლავი – Tyla და ლეგენდარული Cher.

აღსანიშნავ სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ ჩვენება ბრენდის ოფიციალური არხების პირდაპირ ეთერში გადაიცემა. წარსულში Victoria’s Secret ორ შოუს მართავდა, ერთი ჩვენება განკუთვნილი იყო მიწვეული სტუმრებისთვის, ხოლო მეორე – პრესის წარმომადგენლებისთვის. საბოლოოდ კი, ორივე შოუში საუკეთესო მომენტების დამონტაჟებით, Victoria’s Secret -ის გუნდი ჩვენების სრულ ჩანაწერს ავრცელებდა.

შოუს პირდაპირ ეთერში გადაცემით, შემოქმედებით გუნდს, მუსიკოსებსა და მოდელებს შეცდომების გამოსწორების შანსი არ ექნებათ, ამჯერად, ყველაფერი ბუნებრივი და ნამდვილი იქნება.