Yeezy x Adidas გასული ათწლეულის გლობალური მოვლენა იყო, რომელმაც მხოლოდ 7 წელში თანამედროვე მოდის ინდუსტრიას, განსაკუთრებით კი, სპორტული ფეხსაცმლის ბიზნესს, წარუშლელი კვალი დაატყო. გავლენიანი ბიზნეს გამოცემის, „ფორბსის“ ინფორმაციით, კოლაბორაციის დასრულების შემდეგ, ქანიე ვესტმა მილიარდერის სტატუსი დაკარგა, ადიდასში კი, სულ მცირე 300 მილიონიან ზარალს ელიან.  

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გერმანული კომპანია აპირებს გააგრძელოს პოპულარული Yeezy x Adidas-ის მოდელების გაყიდვა, თუმცა Yeezy-ის სახელის გარეშე.

მოგეხსენებათ, რომ ადიდასს კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილ ყველა მოდელის დიზაინზე აქვს უფლება.  შეზღუდვა მოქმედებს მხოლოდ Yeezy-ის ბრენდინგზე, რომელსაც კომპანია ქანიესთან კონტრაქტის გარეშე, ვერ გამოიყენებს.

ქანიე ვესტი

ადიდასის და ქანიეს თანამშრომლობის შესახებ სიახლე 2013 წელს გაჟღერდა, თუმცა პირველი პროდუქტი მაღაზიებში 2015 წლის თებერვალში გამოჩნდა.  

Yeezy x Adidas – პირველი სნიკერი (2015)

ეს იყო ნაცრისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი The Yeezy Boost 750, რომლის თავდაპირველი გასაყიდი ფასი 350 დოლარს შეადგენდა.

The Yeezy Boost 750

Yeezy Boost 350

რიგით მეორე და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დიზაინი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამშრომლობის განტკიცებაში, 2015 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდა. კომფორტული და მინიმალისტური მოდელის დებიუტი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგა.  

Yeezy Boost 350

ჰაიპი შენარჩუნდა 2017-2018 წლებში, როდესაც ადიდასის და Yeezy-ის პორტფოლიოს კიდევ ორი ახალი მოდელი შეემატა: Adidas Yeezy 500 და Adidas Yeezy 700.  

მოთხოვნის მატებამ სნიკერებზე ფასების ზრდაც განაპირობა, რამაც ადიდასს და ქანიეს შორის პირველი კონფლიქტი გამოიწვია.

გერმანული კომპანიის ბიზნეს ინტერესები და ქანიეს სურვილი „შეექმნა პროდუქტი ყველასთვის,“ ერთმანეთს ვერ მოერგო, თუმცა თანამშრომლობის გლობალურმა წარმატებამ ორივე მხარეს კომპრომისის ძიებისკენ უბიძგა. შედეგად, ადიდასმა შეინარჩუნა ხელმისაწვდომი ფასი, თუმცა გაზარდა წარმოების რაოდენობა.

Adidas Yeezy 500

წარმოების ზრდამ სნიკერების მიმართ მღელვარება დაასტაბილურა. თუ 2015-2018 წლებში, ახალი მოდელები მაღაზიებიდან პირველივე საათებში ქრებოდა, მასობრივმა წარმოებამ მომხმარებელს მშვიდად შოპინგის შესაძლებლობა დაუბრუნა.

2020 წელს, „ფორბსმა“ Yeezy x Adidas-ის სნიკერების კოლაბორაცია 1.2 მილიარდ ევროდ შეაფასა, რამაც ეს უკანასკნელი 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კოლაბორაციად აქცია.

Adidas Yeezy 700

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ სექტემბერში, რთული იყო იმის წარმოდგენა, რომ ადიდასს და ქანიე ვესტს შორის თანამშრომლობა ასე მალე და მოულოდნელად დასრულდებოდა, თუმცა 25 ოქტომბერს გერმანულმა კომპანიამ რეპერთან კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილება გააჟღერა. ადიდასის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რეპერის წინააღმდეგობრივი და საკამათო ქმედებები. მათ შორის ანტი-სემიტური რიტორიკა, რომელმაც გერმანულ კომპანიაზე წნეხი შესამჩნევად გაზარდა.  

“ქანიეს ბოლოდროინდელი კომენტარები და ქმედებები მიუღებელი, სიძულვილით სავსე და საშიშია, ის ლახავს კომპანიის ფასეულობებს, ორმხრივ პატივისცემასა და სამართლიანობას,” – ნათქვამია ადიდასის ოფიციალურ განცხადებაში. 

აქვე შეგახსენებთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ადიდასმა რუსეთის ბაზარი დატოვა. რამაც კომპანიის გაყიდვებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ქანიესთან თანამშრომლობის შეჩერება, ადიდასისთვის წელს მეორე დიდი დარტყმაა.