ქალის თეთრეულის ცნობილმა ამერიკულმა ბრენდმა, Victoria’s Secret-მა 2024 წლის შოუ გამართა. შოუ, რომელსაც გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ, გუშინ, 15 ოქტომბერს, ნიუ-იორკში მოეწყო.
შოუს მიმართ არსებული მღელვარება აისახა ნახვებზეც, მხოლოდ Youtube-ზე, ჩვენებას 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. შოუდან პირდაპირი ჩართვა გადაიცემოდა Victoria’s Secret-ის სხვა ოფიციალურ არხებზეც, მათ შორის ინსტაგრამზეც, სადაც ჩვენებას თვალს 260,000-ზე მეტი გამომწერი ერთდროულად ადევნებდა.
ვიქტორია სეკრეტის პირველი ჩვენება 1995 წელს ნიუ-იორკში გაიმართა, 1999 წელს, ჩვენება პირველად გადაიცა პირდაპირ ეთერში, მას 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა, რამაც ვიქტორია სეკრეტის გლობალურ ფენომენად გარდაქმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. 2019 წელს, პირველი ლაივ-შოუდან 20 წლის თავზე, Victoria’s Secret-მა შოუს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა არაერთი გახმაურებული სკანდალი, რეიტინგის კლება და რეპუტაციული ზიანი, რომელმაც მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი – 7 მილიარდიანი ბიზნესი კრიზისის წინაშე დააყენა.
მრავალფეროვნების და შემოქმედებითობის ნაკლებობა, სიახლეების მიუღებლობა, კულტურული და სოციალური ცვლილებები – ვიქტორია სეკრეტის რეიტინგის კლების ბევრი მიზეზის დასახელება შეგვიძლია. ბრენდს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოსთან დიალოგში შესვლა უჭირს, მომავალი არ აქვს და ეს მოდის ისტორიაში არაერთი კომპანიის მაგალითზე დამტკიცდა, გამონაკლისი არ გამხდარა Victoria’s Secret, რომელიც ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, დაბრუნდა იმ მიზნით, რომ დაგვარწმუნოს – ახლა მათ უკეთ ესმით, თუ რას ნიშნავს და როგორია იყო სასურველი ქალი და ბრენდი 2024 წელს.
იხილეთ Victoria’s Secret-ის 2024 წლის შოუს ჩანაწერი სრულად: