ელექტროტექნიკის მწარმოებელი ჩინური კომპანია, Xiaomi, რომელიც გახლავთ მსოფლიოში სმარტფონების მესამე უდიდესი მწარმოებელი, ბრიტანეთში Mi 11 სერიის ორ ახალ სმარტფონს უშვებს.

The Xiaomi Mi 11 Lite 5G  – თხელი, მსუბუქი და დახვეწილი დიზაინის მქონე სმარტფონია. ბრიტანეთში მისმა საბაზრო ღირებულებამ 399 ფუნტი შეადგინა, გამოწერა, ქვეყნის მასშტაბით, დღეიდან უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება, Mi 11 Ultra -ს, ეს “შაომის” საუკეთესო შემოთავაზებაა, რომლის შესაძლებლობები და მონაცემები, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, უსაზღვროა. უახლესი მოდელი ბრიტანულ ბაზარზე გაყიდვაში 1,199 ფუნტად გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ Xiaomi – მ ბრიტანეთში ახალი სმარტფონების გამოშვება ლონდონში მოღვაწე აღიარებულ ქართველ დიზაინერთან, დავით კომახიძესთან კოლაბორაციით დააანონსა. კომახიძემ, ახალი სმარტფონების შთაგონებით, “შაომისთვის” 3 ექსლუზიური კოსტიუმი შექმნა. ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობის შესახებ, ქართველმა დიზაინერმა საკუთარ ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა.

Xiaomi x David Koma

დავით კომახიძემ ქალის ტანისამოსის საკუთარი ბრენდი, David Koma 2009 წელს, ლონდონში დააარსა, მას შემდეგ, რაც წარმატებით დაასრულა სწავლა, მოდის დიზაინის განხრით, ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟულ და აღიარებულ კოლეჯში, Central Saint Martins – ში. 2013-2017 წლებში, პარიზში, კომახიძე Mugler-ის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.