დღეს Blumarine-ს ახალი კრეატიული დირექტორის ვინაობა გახდა ცნობილი. აღნიშნულ პოზიციაზე იტალიელი დიზაინერი უოლტერ კიაპონი დაინიშნა. წარსულში ის შემოქმედებითად Tod’s-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც სექტემბერში, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენების შემდეგ დატოვა.
“მე მჯერა, რომ უოლტერ კიაპონი, თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ნიჭისა და სტილის შეგრძნების დამსახურებით, Blumarine-ს ახალი ენერგიით აავსებს და, ამავდროულად, ბრენდის ექსტრაორდინალურ მემკვიდრეობის მიმართ პატივსცემას გამოიჩენს,” – განაცხადა Blumarine-ს მფლობელი კომპანია Eccellenze Italiane-ს დირექტორმა მარკო მარკიმ.
კიაპონმა მოდის ინდუსტრიაში კარიერა 1990-იან წლებში, European Institute of Design-ში სწავლის დამთავრების შემდეგ ალესანდრო დელ’აკვასთან დაიწყო. სანამ 2019 წლის ოქტომბრში Tod’s-ის გუნდს შეუერთდებოდა, მას ასევე უთანამშრომლია: Givenchy-ს, Valentino-ს, Gucci-ს, Miu Miu-ს და Bottega Veneta-ს მოდის სახლებთან.
კიაპონიმდე Blumarine-ს კრეატიული დირექტორის პოსტს ნიკოლა ბრონიანო იკავებდა. ბრენდიდან მისი წასვლის შესახებაც ცნობილი გასულ თვეში გახდა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული.
უოლტერ კიაპონის კრეატიული დირექტორობით Blumarine-სთვის შექმნილი პირველი კოლექციის ჩვენება თებერვალში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება.