მოდის ბიბლიად წოდებულ ჟურნალს და ფრანგ დიზაინერს შორის არსებულ დაპირისპირებაზე პრესა მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც Vogue-მა სელინის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება არ გააშუქა.
Celine-ის შემოქმედებითი დირექტორი, ედი სლიმანი მოდაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ფიგურაა. გარდა იმისა, რომ მისი შემოქმედება უკვე 20 წელია განხილვის საგანია, აქტუალობას არ კარგავს სლიმანის პიროვნებაც. უკომპრომისო და რთული ხასიათიდან გამომდინარე, ფრანგი დიზაინერი ხშირად გამხდარა სკანდალის მიზეზი.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მისი პრობლემური დამოკიდებულება პრესასთან. ედი სლიმანის ხელმძღვანელობით, დიორის და სენ ლორანის მოდის სახლებმა ჩვენებებიდან არაერთი გავლენიანი ჟურნალისტი დაბლოკეს.
15 დეკემბერს, WWD-ის ახალი სტატიიდან ცნობილი გახდა, რომ Vogue-ს და დიზაინერს შორის მართლაც არსებობს უთანხმოება. როგორც ვკითხულობთ, ედი უკმაყოფილოა ვოგში განვითარებული დრამატული ცვლილებებით. ის განსაკუთრებით იმედგაცრუებულია ემანუელ ალტის ფრანგული ვოგიდან წასვლით.
შეგახსენებთ, რომ ემანუელ ალტმა ფრანგული ვოგის მთავარი რედაქტორის თანამდებობა 2021 წლის სექტემბერში დატოვა, მას შემდეგ, რაც „ახალი ვოგის“ ჩამოყალიბების პროცესი დასრულდა. მოდის პრესის წამყვანი გამოცემის ახალ მოწყობაზე უფრო ვრცლად იხილეთ ჩვენი სტატია – როგორ გახდა ანა ვინტური Vogue -ის ერთპიროვნული ლიდერი?
WWD-ის ინფორმაციით, ედი სლიმანმა Vogue-ის გუნდი სელინის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებიდან დაბლოკა. გარდა ამისა, ინსტაგრამზე აქტიურად ვრცელდება ანონიმური წყაროების “სქრინები”, საიდანაც ვიგებთ, რომ სლიმანმა ვოგი არა მხოლოდ ჩვენებებიდან დაბლოკა, არამედ სარეკლამო დაკვეთებიც შეუჩერა.
დიზაინერს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება ვოგს, ჟურნალის წარმომადგენელმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოცემას Celine -ს 2022 წლის ზაფხულის კოლექციის შოუზე დასასწრები მოსაწვევი არ მიუღია.