მოდაში კარა დელევინის კარიერა 2009 წელს, სამოდელო სააგენტო Storm Models – თან კონტრაქტის გაფორმებით დაიწყო. კარა, თავისი ექსპრესიული წარბებითა და ინდივიდუალური სტილით, იმდენად საინტერესოდ და უცხოდ გამოიყურებოდა, რომ მოდამ მალევე აღიარა მისი სახით ახალი ვარსკვლავის დაბადება. შემდეგ, ყველაფერი სწრაფად განვითარდა და სულ რაღაც 3 წელიწადში, კარა დაიბეჭდა Vogue-ის გარეკანზე, ისევე როგორც ცნობილი მოდის სახლების ბილბორდებზე მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში. 2023 წლის აპრილისთვის, კარას კიდევ ერთხელ ვხედავთ Vogue-ის ყდაზე. ამჯერად, უკვე შემდგარი სუპერმოდელი, მსახიობი, აქტივისტი, კარა დელევინი მოდის ბიბლიად წოდებულ გამოცემას თავისი ცხოვრების რთულ პერიოდებზე ესაუბრა, რომელიც დაკავშირებულია 2022 წლის სექტმბერში გავრცელებულ შემაშფოთებელ კადრებთან.

გასული წლის სექტემბერში, პაპარაცებმა  დელევინი ლოს-ანჯელესის აეროპორტში ფეხშიშველი დააფიქსირეს. მოდელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება და კონტროლი საკუთარ სხეულსა თუ ქცევებზე.

ლოს-ანჯელესის აეროპორტიდან გამოქვეყნებულმა კადრებმა გულშემატკივრები კარას ჯანმრთელობაზე დააფიქრა.  პაპარაცული ფოტოები დამაფიქრებელი იყო თავად დელევინისთვისაც, რომელიც Vogue-თან ახალ ინტერვიუში გავრცელებულ კადრებს აღწერს, როგორც უკიდურესი სირცხვილისა და უხერხულობის წყაროს. „გამოუძინებელი ვიყავი, თავს კარგად არ ვგრძნობდი,“ – იხსენებს კარა, „სამწუხარო ისაა, რომ მეგონა ვერთობოდი და ვხალისობდი, მაგრამ ასე არ იყო, კარგად არ გამოვიყურებოდი.“

მიუხედავად ყველაფრისა, დელევინი ამ კადრების მაინც მადლიერია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო მისი „გამოფხიზლების ზარი,“ რომელმაც უბიძგა დახმარების თხოვნისაკენ. „ჩემი მეგობრები ძალიან მიყვარს, მაგრამ მე არ შემეძლო მათთან გულწრფელი ვყოფილიყავი იმ საკითხებში, რასაც  მართლა განვიცდიდი, რადგან არ მინდოდა ვინმეს დამძიმება. თუ ჩემს მეგობრებს ჰკითხავთ, ისინი გეტყვიან, რომ ჩემი ტირილი არასდროს უნახავთ.“ ამბობს კარა და თან ამატებს, რომ 2022 წლის სექტემბრიდან ეს შეიცვალა. „სექტემბრიდან მხარდაჭერის გარდა არაფერი მჭირდებოდა. ჩემი მეგობრები, ისინი, ვისაც 13 წლიდან ვიცნობ, ყველა მოვიდნენ და ჩემთან ერთად ტიროდნენ.“

Vogue აშშ – აპრილი 2023 / ფოტოგრაფი: ANNIE LEIBOVITZ

კარასთვის მომავალი იმედისმომცემია. როგორც მოდელი ვოგის მკითხველს უზიარებს, რეაბილიტაციის პროცესში, იგი უკვე ოთხი თვეა ფხიზელია. „ყოველთვის ვიცოდი, რომ მას მერე, რაც 30 წლის გავხდებოდი, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.“ ინტერვიუს სრულად წასაკითხად მიჰყევით ლინკს.