ვოგის ფრანგული გამოცემის ახალი ნომრის გამოსვლასთან ერთად, ბიონსემ კიდევ ერთხელ გაიმყარა სუპერ-ვარსკვლავის სტატუსი და საზოგადოებას არც მეტი არც ნაკლები ოტ-კუტიურ კოლაბორაცია წარუდგინა. Balmain-ის მოდის სახლის შემოქმედებით ხელმძღვანელთან, ოლივიე რუსტენთან ერთად, ბიონსემ 16 კოსტიუმზე იმუშავა, რომელიც თავის ახალ მუსიკალურ ალბომს, Renaissance-ს ეძღვნება.

Haute Couture (ოტ კუტიური) ტანსაცმლის შექმნის უმაღლესი ფორმაა და საუკეთესო ხარისხს, სრულყოფილ შესრულებას და შემოქმედებითობას გულისხმობს. ექსკლუზიურობა, სიმწირე და დიდებულება კუტიურის განუყოფელი მახასიათებლებია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფრანგული მოდის სახლების კუტიურზე ვსაუბრობთ.

Balmain-თან თანამშრომლობით, ბიონსე გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც ფრანგული მოდის სახლის ოტ-კუტიურ კოლექციაზე იმუშავა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ოლივიე რუსტენიც პირველი ფერადკანიანი დიზაინერია, რომელიც ცნობილი პარიზული ბრენდის ქალის, კაცის, ყოველდღიურ და კუტიურ ხაზებს ხელმძღვანელობს. გამომდინარე აქედან, თანამშრომლობას ორივე მხარისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

2016 წლის შემდეგ, ბიონსეს პირველი სოლო ალბომი Renaissance 29 ივლისს გამოვიდა და მალევე მოექცა აშშ-ის ყველაზე გაყიდვადი ალბომების ჩამონათვალის, Billboard 200-ის სათავეში. მიმდინარე წლის პირველ თებერვალს, ბიონსემ მსმენელებს კიდევ ერთი სიურპრიზი გაუკეთა და გაავრცელა სიახლე ახალი მსოფლიო ტურის შესახებ. Renaissance World Tour 2023 სტოკჰოლმში 10 მაისს დაიწყება. მომღერალი ჯამში 41 შოუს გამართავს.

Vogue France აპრილი 2023

ბიონსეს აცვია Balmain-თან კოლაბორაციით შექმნილი კუტიურ კოლექცია

ფოტოგრაფი – ლუი ბენქსი

კოლაბორაციული კუტიურ კოლექცია – Balmain x Beyoncé ‘Renaissance’