წლის მიწურულს ტრადიციულად გთავაზობთ ვოგის ყველაზე დიდი გამოცემების შემაჯამებელ სტატისტიკას. მსოფლიოში მოდის ყველაზე გაყიდვადი და ცნობილი ჟურნალის 20-ზე მეტი გამოცემა არსებობს, მათ შორის კი, ყველაზე დიდი პოპულარობითა და გავლენით ამერიკული და ბრიტანული გამოცემები სარგებლობენ.
Vogue აშშ – 2022 წელი
ამერიკული გამოცემის გარეკანზე კვლავაც ვიხილეთ კინოს, მუსიკის, სპორტისა და მოდის ყველაზე განხილვადი ვარსკვლავები. ბელა ჰადიდი გახლდათ ერთადერთი ტოპ მოდელი, რომელსაც წელს გარეკანის დამშვენების პატივი ხვდა წილად. თუ არ ჩავთვლით სამხრეთ კორეელ ვარსკვლავს ჰოიონს, რომელმაც კარიერა მოდელის ამპლუაში დაიწყო, თუმცა საერთაშორისო აღიარება ნეთფლიქსის გახმაურებულ შოუში, Squid Game-ში შესრულებული როლის შემდეგ მოიპოვა. სექტემბერის გარეკანზე სერენა უილიამსი დაიბეჭდა. ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ სიახლე სწორედ ვოგის ექსკლუზიურ ინტერვიუში გააჟღერა. ყველაზე ბევრი, ჯამში 3 გარეკანი, ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა გადაიღო. მათ შორის წლის პირველი და ბოლო ნომრები.
გარეკანზე დაიბეჭდა 11 ვარსკვლავი. ყველაზე ხშირად გარეკანი დაეთმოთ კინო სამყაროს ვარსკვლავებს. უმრავლესობა, ექვსი მათგანი ამერიკელია, რასობრივი მრავალფეროვნების კუთხით – სამი შავკანიანი, ერთი აზიელი და ერთი ლათინო-ამერიკელი.
Vogue დიდი ბრიტანეთი – 2022 წელი
ამერიკული ვოგისგან განსხვავებით, ბრიტანულ გამოცემაში მოდელებს ბევრად უფრო თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ. 6 სოლო გარეკანი სწორედ მოდელებმა დაამშვენეს, მათ შორის იყვნენ ლეგენდარული ლინდა ევანგელისტა, ნაომი ქემბელი, ჟიზელ ბუნდჩენი და კრისტენ მაკმენემი, აგრეთვე ახალი თაობის გამორჩეული სახე – ადუთ აკეჩი. ტოპ მოდელები ვიხილეთ ჯგუფურ გარეკანებზეც, რომლებიც აფრიკულ სილამაზესა და ლგბტ + თემის ხილვადობას მიეძღვნა. აღნიშვნას იმსახურებს ოქტომბრის ნომერი, გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტანული ვოგის საუკუნოვან ისტორიაში პირველად, სოლო გარეკანზე მამაკაცი ვარსკვლავი ვიხილეთ. ეს პატივი ტიმოთი შალამეს ხვდა წილად. მრავალფეროვნების კუთხით, ხაზგასასმელია დეკემბრის ნომერიც, რომელსაც პოპულარული სატელევიზიო შოუების მსახიობები ამშვენებენ, მათ შორის ახალგაზრდა ტრანსგენდერი ვარსკვლავი – იასმინ ფინი. რაც შეეხება ფოტოგრაფებს, ყველაზე ბევრი გარეკანი, ჯამში ექვსი, ლეგენდარულმა სტივენ მეისელმა გადაიღო.
ჯგუფური გარეკანების სიმრავლიდან გამომდინარე, გარეკანზე დაიბეჭდა 34 ვარსკვლავი, მათ შორის უმრავლესობა სამოდელო ინდუსტრიიდან არის. ყველაზე ბევრჯერ სოლო გარეკანი დაამშვენეს ბრიტანელმა ვარსკვლავებმა. რასობრივი მრავალფეროვნების კუთხით, 34 ქავერ-ვარსკვლავიდან 20 შავკანიანია, არცერთი აზიელი.