2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ფრანგი დიზაინერი, ედი სლიმანი Celine-ს მოდის სახლს ტოვებს. სიახლეს მოულოდნელს ვერ ვუწოდებთ. გასული თვეების განმავლობაში, მოდის პრესის საერთაშორისო გამოცემები აქტიურად განიხილავდნენ დიზაინერისა და მოდის სახლის მომავალს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სლიმანი ბრენდთან კონტრაქტის განახლებას არ ჩქარობდა.
ედი სლიმანმა Celine-ს შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა 2018 წელს დაიკავა. მან ხსენებულ პოზიციაზე ფიბი ფაილო შეცვალა. ედიმ ბრენდში საკუთარი ერა უხეში ნაბიჯით დაიწყო – Céline გახდა Celine. ლოგოს ცვლილებამ და ფრანგი დიზაინერის უკომპრომისო ხედვამ მოდის ინდუსტრია აალაპარაკა.

Celine ფრანგული კონგლომერატის, LVMH-ის მფლობელობაშია. 2018 წელს, როდესაც ედი სლიმანი Celine-ის შემოქმედებით დირექტორად წარადგინეს, LVMH-ის ოფიციალური პირები ღიად აღნიშნავდნენ, რომ მიზანი, მომავალ 5 წელში, ბრენდის გაყიდვების გაორმაგება იყო. კრიტიკის მიუხედავად, დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სლიმანის ხედვით, ბრენდმა მიზანს მიაღწია – CELINE ახლა მილიარდიანი ბრენდია.
ფრანგულმა მოდის სახლმა სლიმანის შემცვლელად, დიზაინერი მაიკლ რაიდერი წარადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული თვეების განმავლობაში, მაიკლ რაიდერის სახელი არაერთხელ გაჟღერდა Celine-სთან მიმართებით. მოდის პრესა და ინსაიდერები სპეკულირებდნენ, რომ სწორედ რაიდერს განიხილავდა LVMH ფრანგული მოდის სახის ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელად.

მაიკლ რაიდერი გამოცდილი დიზაინერია, 2004-2008 წლებში, იგი ნიკოლა ჟესქიერთან მუშაობდა და Balenciaga-ს უფროსი დიზაინერის პოზიციას იკავებდა, 2008 წლიდან – Celine -ს შეუერთდა, სადაც ფიბი ფაილოს ხელმძღვანელობით 10 წელი იმუშავა, შემდეგ კი, კარიერა Polo Ralph Lauren-ის კრეატიულ დირექტორად განაგრძო.