
ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ პრინცი ჰარი 6 მაისს, სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, დაესწრება მეფე ჩარლზ III-ის კორონაციას. სიახლეს წინ უძღოდა სამეფო ოჯახის გარშემო აგორებული დაუსრულებელი სკანდალები, რომლებიც მეტწილად სწორედ პრინცი ჰარის და მისი მეუღლის, მეგან მარკლის ბოლოდროინდელ აქტივობებს უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის ინტეგრაცია სამეფო ოჯახში, დასაწყისიდანვე იწვევდა წინააღმდეგობრივ რეაქციებს და საზოგადოებას ორ ბანაკად ყოფდა, დაძაბულობამ კიდევ უფრო მძაფრი ხასიათი გასულ თვეებში შეიძინა, მას მერე რაც ჯერ ეკრანებზე გამოვიდა Netflix -ის გახმაურებული დოკუმენტური სერიები: Harry & Meghan, ხოლო შემდგომ – პრინცის პირადი მემუარი. როგორც დოკუმენტურ სერიებში, აგრეთვე წიგნში, წყვილი აქამდე უცნობი სკანდალური დეტალების შესახებ ყვება, მაგალითად, პრინცი ჰარი პრინცი უილიამის მხრიდან ძალადობაზე ალაპარაკდა.
“ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ის საყელოში მწვდა, გაწყვიტა ჩემი ყელსაბამი და ძირს დამანარცხა. მე ძაღლის საჭმელ თასზე ზურგით დავეცი, ის დაცემისას გატყდა. გაბრუებული ვიწექი რამდენიმე წამი, შემდეგ წამოვდექი და ვუთხარი, რომ დაუყოვნებლივ წასულიყო.”
– ფრაგმენტი პრინცი ჰარის მემუარიდან, რომელიც გაყიდვაში 10 იანვარს გამოვიდა.
ღია დაძაბულობის ფონზე, არსებობდა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ჰარის შესაძლოა არ ესურვა მამის კორონაციაზე დასწრება, რაც საბოლოოდ, მცდარი აღმოჩნდა, თუმცა აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ პრინცი კორონაციას მეუღლის, მეგან მარკლის გარეშე დაესწრება. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების გარდა, კორონაციის სტუმართა რიგებში, ტრადიციულად, იქნებიან სხვა ქვეყნების მონარქებიც, მაგალითად: იაპონიის ტახტის მემკვიდრე პრინცი აკიშინო და კრონპრიცესა კიკო, დანიის კრონპრინცი ფრედერიკი და კრონპრინცესა მერი, შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი და კრონპრინცესა გუსტავი.
ცნობილია, რომ სტუმართა შორის იქნებიან მაღალი რანგის პოლიტიკოსებიც, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკო მეუღლესთან ერთად, აგრეთვე სხვა ქვეყნების პრემიერ მინისტრებიც, მათ შორის პოლონეთის – ანდრეი დუდა, ავსტრალიის – ენტონი ალბანესი. თეთრი სახლის ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორონაციას არ დაესწრება, თუმცა 6 მაისს, ინგლისს ეწვევა პირველი ლედი ჯილ ბაიდენი. ჯერ-ჯერობით არ დასტურდება გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების დასწრების საკითხი, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ბრიჟიტ და ემანუელ მაკრონები, როგორც ოლაფ შოლცი, მიწვეულ სტუმართა რიგებში არიან.

პოლიტიკოსების გარდა, ვიხილავთ 800-მდე სტუმარს, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენენ, 400-მდე ცნობილი პიროვნებას, რომლებსაც მიღებული აქვთ ბრიტანეთის საპატიო ორდენი, ჯამში, როგორც გავლენიანი დასავლური მედიები, მათ შორის: Harper’s Bazaar, Time და Guardian აღნიშნავენ, მნიშვნელოვან მოვლენას დაახლოებით 2000 სტუმარი ეყოლება.