მოდაში სექსუალური უმცირესობებისა და განსხვავებული იდენტობის ადამიანების მიმართ ყოველთვის მეტი მიმღებლობა არსებობდა, ვიდრე სხვა ინდუსტრიებში, თუმცა ეს ნაკლებად ეხება სამოდელო ბიზნესს. ისტორიულად, რამდენადაც მრავალფეროვანი და განსხვავებული იყო მოდის შემოქმედებითი წრე, იმდენად ერთფეროვანი იყო პოდიუმზე წარმოდგენილი ცნობილი მოდელების ჯგუფი. სამოდელო ინდუსტრიაში ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის საკითხმა გასულ 10-15 წელში შეაღწია. ამ დროის განმავლობაში, არაერთმა ტრანსგენდერმა ქალმა შექმნა ისტორია და დაიმკვიდრა სახელი, მათ შორის ახალი და ყველაზე საინტერესო სახე არის ალექს კონსანი.
ალექს კონსანი დაიბადა კალიფორნიაში, 2003 წლის 23 ივლისს. როგორც მოდელი იხსენებს, ძალიან ადრეული ასაკიდან ხვდებოდა, რომ განსხვავებული იყო – 4-5 წლის ასაკში იცვამდა დედის ტანისამოსსა და ქუსლებს. 12 წლის ასაკში კონსანი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ტრანსგენდერი გოგო, რომელმაც სამოდელო კონტრაქტო გააფორმა. 2019 წელს, ალექსი კარიერის განსავითარებლად ნიუ-იორკში გადავიდა და იმავე წელს, კონტრაქტი გააფორმა ცნობილ სამოდელო სააგენტო – IMG Models-თან. პოდიუმზე მისი დებიუტი 2021 წელს, ოსკარ დე ლა რენტას კრუიზული კოლექციის ჩვენებაზე შედგა, რის შემდეგაც მისმა კარიერამ დაიწყო წინსვლა, კონსანი გამოჩნდა ტომ ფორდის, ვერსაჩეს, ალექსანდრ მაკქუინის, ბარბერის, ბოსის, რობერტო კავალისა და სხვა ცნობილი მოდის სახლების პოდიუმზე. ალექსმა სახელი გაითქვა თავდაჯერებული და ინდივიდუალური სიარულის მანერით, მისი გამოსვლები ტიკტოკზე ვირუსულად გავრცელდა, რასაც ახალგაზრდა მოდელის ცნობადობის ზრდა მოჰყვა. ამჟამად 21 წლის მოდელს, მხოლოდ ინსტაგრამზე, 1,2 მილიონი გამომწერი ადევნებს თვალს.


15 ოქტომბერს, ბრაზილიელ ტოპ მოდელთან, ვალენტინა სამპაიოსთან ერთად, ალექს კონსანი გახდა პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც ვიქტორია სეკრეტის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. TikTok-ზე, ვიქტორია სეკრეტის შოუდან ალექსის გამოსვლის მხოლოდ ერთ ვიდეოს, ხუთ მილიონზე მეტი ნახვა და 800,000-ზე მეტი მოწონება აქვს.