გახმაურებული ცვლილებების მეოთხე წელს, ამერიკული ბრენდი კლავ ახერხებს საერთაშორისო პრესის ჰედლაინებში მოხვედრას.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ Victoria’s Secret-ში “ანგელოზების” ეპოქა გასულ წელს ოფიციალურად დასრულდა. მას შემდეგ, ბრენდს ჰყავს კატალოგის მოდელები და ე.წ. ამბასადორები – საერთაშორისო წარმდგენები, რომელთა შორის სუპერმოდელებთან ერთად არიან სპორტის, მუსიკის და კინოს ვარსკვლავები.
Victoria’s Secret-ის ისტორიის გათვალისწინებით, ბრენდის სტრატეგიის ასეთი ცვლილება საზოგადოებისა და საერთაშორისო მედიის ნაწილისათვის გარკვეულ კამათს დღემდე იწვევს, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელებული სიახლე გვარწმუნებს, რომ ამერიკული კომპანია უკან დახევას არ გეგმავს.
ამჯერად Victoria’s Secret-მა საერთაშორისო სახედ მამაკაცი ვარსკვლავი შეარჩია. ნეთფლიქსის პოპულარული შოუს, Never Have I Ever-ის ვარსკვლავი, დერენ ბარნეტი ბრენდის პირველი მამაკაცი ამბასადორია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსახიობი ვიქტორია სეკრეტის Pink – ის ხაზს შეუერთდა, რომელიც მეტწილად თინეიჯერებისთვისაა გათვლილი. სხვადასხვა დროს, ამ ხაზის საერთაშორისო სახეები იყვნენ: ალესანდრა ამბროსიო, მირანდა კერი და ბეატი პრინსლო.
დერენ ბარნეტთან დაწყებული თანამშრომლობით, ვიქტორია სეკრეტი გენდერულად თავისუფალ სამოსს წარადგენს. ამასთან ერთად, ვარსკვლავი პლატფორმას გამოიყენებს მოზარდებში მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. სიახლის შესახებ გამოქვეყნდა მსახიობის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზეც.